ევროპარლამენტის რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, ვინ არის საქართველოს მეგობარი და ვინ არის მტერი - გახარია

23.11.23 16:09
ევროპარლამენტის რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, ვინ არის საქართველოს მეგობარი და ვინ არის მტერი - გახარია

საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის რეზოლუციას პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარია ეხმაურება. გახარიას შეფასებით, ეს რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს ვინაა საქართველოს „გრძელვადიანი მშვიდობის გარანტი და ვინ მტერი“.

გახარია სოციალურ ქსელში წერს, რომ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ადასტურებს, რომ ქართველი ხალხი და ევროკავშირი სწორ მხარეს დგას, თუმცა საქართველოს მთავრობა „მნიშვნელოვნად ჩამორჩება“.

ევროპარლამენტის რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის ნამდვილ ღირებულებებს, ვინ არის საქართველოს მეგობარი, ჩვენი სახელმწიფოებრიობის და სუვერენიტეტის დამცველი, გრძელვადიანი მშვიდობის გარანტი და ვინ არის მტერი. 8 ნოემბერს, როცა ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით კანდიდატის სტატუსზე ისტორიულ გადაწყვეტილებას იღებდა, ოკუპანტებმა ჩვენი თავისუფლების, ღირსების და ეკლესიის დაცვისთვის თამაზ გინტური სასტიკად მოკლეს. ბოლოდროინდელი მოვლენები ნათლად ადასტურებს, რომ საქართველოს მოქალაქეები ისტორიის სწორ მხარეს დგანან. ასევე, სწორ მხარეს დგას ევროკავშირი. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვნად ჩამორჩება“, - წერს გიორგი გახარია.

495 ხმა 7-ის წინააღმდეგ! - ევროპარლამენტმა თამაზ გინტურის მკვლელობის შესახებ რეზოლუცია მიიღო. ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროპულ საბჭოს, შეიმუშაოს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის ანალოგი და დაუწესოს ინდივიდუალური სანქციები ყველა იმ პირს, რომლებიც ოკუპაციის პირობებში საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევაზე არიან პასუხისმგებელი. 

მსგავსი სიახლეები