ძველი პირადობების ახლით ჩანაცვლება - რაზე შეთანხმდნენ "ოცნება" და ოპოზიცია
ლამინირებული პირადობის მოწმობების არჩევნებზე გამოყენება - პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში "ოცნების" ლიდერებსა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრიდან გამოსული პოლიტიკური პარტიების ლიდერები ამბობენ, რომ მხარეებმა ამ ეტაპზე გარკვეულწილად შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა, როგორც ოპოზიციაში ამბობენ, ჯერი ახლა ხელისუფლებაზეა.
როგორც ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ამბობს, მმართველი პარტიის ლიდერებისგან შეხვედრაზე დაპირება მიიღეს, რომ მზად არიან ძველი პირადობების ახლით ჩანაცვლებისთვის საინფორმაციო კამპანია აწარმოონ.
როგორც ბოკუჩავა ამბობს, თუ "ქართული ოცნების" ლიდერები რეალურად საუბრობენ ლამინირებული პირადობის მოწმობების ჩანაცვლებაზე, ამ შემთხვევაში პარლამენტში კანონპროექტის განხილვა უნდა შეჩერდეს, ხოლო აღმასრულებელმა ხელისუფლებამ საინფორმაციო კამპანია უნდა დაიწყოს.
თინა ბოკუჩავას განცხადებით, არსებული მონაცემებით, საქართველოს 223 554 მოქალაქეს მხოლოდ ლამინირებული პირადობის მოწმობა აქვს, რაც არჩევნების გაყალბებისთვის ძალიან დიდ რისკს წარმოადგენს.
პოზიტიური ვალდებულებაა ხელისუფლებაზე, რომ კამპანიის ფარგლებში და მათ შორის იმით, რომ უფასოდ შესთავაზონ ამ პირებს უფასოდ ID ბარათის აღება, მოხდეს მაქსიმალურად ჩანაცვლება ძველი პირადობების ახალი ID ბარათით. დღესდღეობით მივიღეთ ერთგვარი პირობა, რომ ეს ასე მოხდება, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება იმ თვალსაზრისით, რომ გაყალბების ეს ბერკეტი აღარ ჰქონდეს ხელისუფლებას.
იუსტიციის სახლი დაიწყებს კამპანიას, რომ მოხდეს ჩანაცვლება და ახლანდელი მდგომარეობით 223 554 პირიდან, რომელსაც აქვს მხოლოდ ლამინირებული და არა ელექტრონული პირადობის მოწმობა, ეს მაჩვენებელი მინიმუმამდე დავწიოთ.
სავარაუდოდ, რა თქმა უნდა, უნდა გაჩერდეს ამ პროექტის განხილვა და ის ჩანაწერი შენარჩუნდეს საარჩევნო კოდექსში, რომელიც ხმის მიცემის უფლებას ინარჩუნებს იმ პირებისთვის, რომლებსაც აქვთ პასპორტი ან ID ბარათი.თუ კანონპროექტის განხილვა გაგრძელდება, მივხვდებით, რომ დღევანდელი დაპირება არის ყალბი და მორიგი პოლიტიკური ტრიუკი, ივანიშვლის ტერმინოლგიით რომ ვისაუბროთ. საპარლამენტო პროცესს რაც შეეხება, უნდა გაჩერდეს ამ კანონპროექტის განხილვა, რაც შეეხება აღმასრულებელ ხელისუფლებას, მან უნდა ინტენსიური, მყისიერი კამოანია დაიწყოს და დაიწყოს ძველი პირადობების ჩანაცვლება,“ - ამბობს ბოკუჩავა.
თინა ბოკუჩავასგან განსხვავებული განცხადება გააკეთა შეხვედრიდან გამოსულმა ირაკლი კობახიძემ. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, რომ ფრიდონ ინჯიას ინიციატივას მმართველი გუნდი მხარს დაუჭერს, რაც გულისხმობს იმას, რომ ძველი პირადობის მოწმობების მქონე მოქალაქეები არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ. გარდა ამისა, კობახიძემ თქვა, რომ გაუქმდება 2011 წლამდე გაცემული პირადობის მოწმობები.