დემარშით წასული ელჩი გახარიას შეხვედრებზე ბრიუსელში ახლავს

16.06.21 22:15
დემარშით წასული ელჩი გახარიას შეხვედრებზე ბრიუსელში ახლავს

პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ ბრიუსელში დღეს ევროპარლამენტარებთან შეხვედრები გამართა. 

პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ფოტოდან ჩანს, რომ ექსპრემიერს, შეხვედრებზე ბრიუსელში საქართველოს ყოფილი ელჩი ნატა საბანაძე ახლავს. 

ევროპარლამენტში გაიმართა შეხვედრები ევროპარლამენტართან - " ევროპის სახალხო პარტიის" სპიკერთან საგარეო ურთიერთობების საკითხებში მაიკლ გალერთან, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი ურთიერთობების სამსახურის უფროსთან რიჩარდ ტიბელსსთან, ხოლო ევროპარლამენტარებთან - ანდრიუს კუბილიუსთან და რასა იუკნევიჩიენესთან გიორგი გახარიას შეხვედრა სამუშაო სადილზე შედგა.

შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, მათ შორის ევროკავშირთან ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.  

ევროპარლამენტარებთან შეხვედრებზე  გიორგი გახარიამ განიხილა საქართველოში დაგეგმილი 2020 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.  პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ მათ საკუთარი პოლიტიკური გეგმების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. 

პოლიტიკური პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი კახაბერ ქემოკლიძე ბრიუსელში დილიდან დასავლელ პარტნიორებთან სამუშაო შეხვედრებს მართავენ. გიორგი გახარია უკვე შეხვდა ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდს და ევროკავშირში აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის რეგიონალური თანამშრომლობის, ეუთოს და რუსეთის მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს მიხაილ ზიბერტს"- ვკითხულობთ პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი,  ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატალია საბანაძე თანამდებობიდან მიმდინარე წლის 21 მარტს გადადგა. 

ცნობისთვის, საბანაძემ საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიული კურსის გადახვევასა და ქვეყნის არასწორი მიმართულებით განვითარებაში დაადანაშაულა.

ჩვენი ხელისუფლება აცხადებს, რომ პროევროპელია, მაგრამ ამის თქმა არ არის საკმარისი. პროევროპელი უნდა იყო, - განაცხადა გადადგომის შემდეგ საბანაძემ გავლენიან ფრანგულ გამოცემასთან.