ხაბეიშვილის გადადგომის მოთხოვნას ამბროლაურის, კასპისა და ქუთაისის საკრებულოების ფრაქცია ენმ-ის წევრები უერთდებიან
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის გადადგომის მოთხოვნას ამბროლაურის, კასპისა და ქუთაისის საკრებულოების ფრაქცია ენმ-ის წევრები შეუერთდნენ.
გავრცელებულ განცხადებაში ამბროლაურის საკრებულოს ფრაქცია ენმ-ის წევრები აღნიშნავენ, რომ პარტიის მხარდამჭერებს შორის, არ შეხვედრიათ არცერთი ადამიანი, ვინც კმაყოფილია ხაბეიშვილისა და დღევანდელი მენეჯმენტის საქმიანობით.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრები - ამირან ლომთაძე (ფრაქციის თავმჯდომარე), ბაქარ გობეჯიშვილი (თავმჯდომარის მოადგილე), ანა გურგენიძე - ფრაქციის წევრი, მოვითხოვთ:
დაუყოვნებლივ გადადგეს ლევან ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარეობიდან!
ვინაიდან, პირადად მან და მის უკან მდგარმა არაფორმალურმა მმართველებმა, ბოლო თვეების განმავლობაში, ყველაფერი გააკეთეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დასასუსტებლად.
ჩვენ აქტიურად გვაქვს კომუნიკაცია პარტიის მხარდამჭერებთან. არ შეგხვედრია არც ერთი ადამიანი, ვინც კმაყოფილია ხაბეიშვილის და დღევანდელი მენეჯმენტის საქმიანობით.
ჯერ კიდევ არის დრო შეჩერდეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დასუსტების პროცესი! უნდა გაჯანსაღდეს პარტია, დამკვიდრდეს რეალურად დემოკრატიული მართვის წესი და გაერთიანებულები სიმართლის ირგვლივ, მოვემზადოთ ივანიშვილის რუსული რეჟიმის დასამარცხებლად!" - ნათქვამია განცხადებაში.
ხაბეიშვილის გადადგომა დღეს ასევე მოითხოვეს ზუგდიდის, ხობისა და ჭიათურის საკრებულოების ფრაქციებმა და გიორგი მუმლაძემ.