ეუთოს მინისტერიალს, რომელსაც ბალტიის ქვეყნები და უკრაინა ლავროვის დასწრების გამო ბოიკოტს უცხადებს, ილია დარჩიაშვილი დაესწრება
ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრას, რომელსაც ბალტიის ქვეყნები და უკრაინა ბოიკოტს უცხადებენ სერგეი ლავროვის დასწრების გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დაესწრება. ილია დარჩიაშვილის დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი მონაწილეობას მიიღებს მინისტრთა საბჭოს სესიაში, სადაც სიტყვით მიმართავს მონაწილეებს. ასევე, გაიმართება მისი შეხვედრა ეუთოს გენერალურ მდივან ჰელგა შმიდტთან, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის - ჩრდილოეთ მაკედონიის - საგარეო საქმეთა მინისტრ ბუიარ ოსმანთან და ODIHR-ის დირექტორ მატეო მეკაჩისთან.
ქ.სკოპიეში მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან ევროპის ქვეყნებიდან," - წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.
ბალტიის ქვეყნები ბოიკოტს გამოუცხადებენ სკოპიეში ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრას, რომელსაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დაესწრება. მანამდე ცნობილი გახდა, რომ სკოპიეს შეხვედრას ბოიკოტს უცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულებაც.