მოსახდელი აქვთ ბოდიში თვითონ ქადაგიძესაც, მურუსიძესაც, ჩინჩალაძესაც - ჯანეზაშვილი
"როდესაც ვიღაცებისკენ ხელს იშვერს და თან მითუმეტეს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებზე საუბრობს, ეს არის ძალიან უხერხული და სამარცხვინო," - ეს განცხადება "სასამართლოს გუშაგის" დამფუძნებელმა ნაზი ჯანეზაშვილმა ნინო ქადაგიძის პასუხად გააკეთა.
ჯანეზაშვილი ნინო ქადაგიძეს დღეს გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს, როდესაც უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ აშშ-ის და ყველა იმ პირს, ვინც სასამართლოს აკრიტიკებს, ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა.
თუ ბოდიში აქვს საქართველოში ვინმეს მოსახდელი, სასამართლო სისტემაზე თუ ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, მოსახდელი აქვთ ბოდიში თვითონ ქადაგიძესაც, მურუსიძესაც, ჩინჩალაძესაც და ყველა იმ დანარჩენ ადამიანს, რომლებმაც მართლმსაჯულება ამ მდგომარეობაში ჩააგდეს. ამიტომ, როდესაც ვიღაცებისკენ ხელს იშვერს და თან მითუმეტეს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებზე საუბრობს, ეს არის ძალიან უხერხული და სამარცხვინო,“ - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.
სასამართლოს კლანი ამერიკისგან ბოდიშს ელოდება. მობოდიშებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე ითხოვს. მისთვის მიუღებელია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის სანქცირება.