"რუსეთი დიპლომატიურ ფრონტზე გადადის" - პაატა დავითაია მოსკოვის მოთხოვნაზე
"ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარე პაატა დავითაია მიიჩნევს, რომ რუსეთის მოთხოვნა, საქართველომ ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრების დემარკაცია დაიწყოს, ხელისუფლებამ არც კი უნდა განიხილოს.
ოპოზიციონერი ლიდერი დარწმუნებულია, რომ რუსეთი შეტევით ღონისძიებაზე, იგივე დიპლომატიურ ფრონტზე გადადის. დავითაია ამბობს, რომ რუსეთის ამგვარი ქმედების მიზეზს საქართველოს ევროპისკენ სწრაფვა წარმოადგენს.
ყოვლად მიუღებელია ამ საკითხის განხილვაც კი. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ საქართველოს მხრიდან ეს ნაბიჯი გადადგმული არ იქნება, მაგრამ აქვე მინდა მოვუწოდო მთავრობას, რომ რუსეთი გადადის შეტევით ღონისძიებებზე, დიპლომატიურ ფრონტზე, ამიტომ აუცილებელია ჩვენი პარტნიორები ქვეყნები ჩაყენებული იყოს საქმის კურსში, რომ სახელმწიფოზე ხდება იძულება ე.წ. საზღვრის შექმნის და ეს გამოწვეულია იმით, რომ ჩვენ ვისწრაფით ევროპისკენ. შემდეგი ნაბიჯები იქნება უფრო სიტუაციის დაძაბვა, დიპლომატიური ფრონტიდან გადასვლა, ვთქვათ, სამხედრო თვალსაზრისით, საუბარია ე.წ. ბორდერიზაციაზე, - ამბობს"ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარე პაატა დავითაია.
მოსკოვმა თბილისს მოთხოვნის ენით დაუწყო საუბარი. კრემლი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ოკუპირებულ ცხინვალის ეგრედწოდებულ საზღვრებზე სადემარკაციო პროცესი დაიწყოს. ოკუპანტი ქვეყანა, ფაქტობრივად, ოკუპაციის დაკანონებას ელოდება.