გადადგა, თუ გადააყენეს - ოპოზიცია ნატალია საბანაძის დემარშით წასვლაზე
ევროკავშირში საქართველოს ელჩის, ნატალია საბანაძის, გადადგომის შესახებ კობახიძის გუშინდელმა განცხადებამ ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ საბანაძის შესახებ კობახიძის მინიშნება, რომ ის პოსტიდან "ოცნებამ" გაუშვა, სიცრუეა.
ბევრი სიცრუის თქმა მოუწია კობახიძეს იმის გამო, რომ "ოცნება" არ არის კარგ მდგომარეობაში. დიახ, "ოცნების" რღვევა თვალნათელი და ღია დაიწყო ელჩმა საბანაძემ, რომელმაც პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს დატოვა ცერემონიულად თანამდებობა, რითაც საზოგადოებას აჩვენა, რაოდენ ძირგამომპალია "ოცნება", რაოდენ შესუსტებულია მათი პოზიციები და ის პოზიციები, რომელსაც ისინი აჟღერებენ ქვეყნის შიგნით, რაოდენ რთულად არის დასაცავი ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან", - ამბობს ,,ენმ"-ს წევრი, დავით კირკიტაძე.
"ევროპული საქართველოს" წევრის, აკაკი ბობოხიძის, თქმით, ევროკავშირში საქართველოს ელჩი, ნატალია საბანაძე, თანამდებობიდან "ოცნების" არასწორი საგარეო პოლიტიკის გამო თავად წავიდა.
ნატალია საბანაძე "ქართულ ოცნებას" არ გაუშვია, ის გადადგა თვითონ, გადადგა სწორედაც რომ დემარშით. საბანაძე გადადგა სწორედ იმიტომ, რომ ის არის ერთ-ერთი პირველთაგანი, ვინც ხედავს და აკვირდება ჩვენი ხელისუფლების რეალურ პოლიტიკას ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან მიმართებაში", - ამბობს ბობოხიძე.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ გუშინ, ტვ პირველზე, ინგა გრიგოლიას გადაცემა "რეაქციაში", ნატალია საბანაძის გადადგომაზე მიანიშნა, რომ ის "ოცნებამ" გაუშვა და საბანაძე პოსტიდან დემარშით არ წასულა.