ვიქნები ორიგინალური და არ წავალ პოლიტიკაში - ნაზი ჯანეზაშვილი
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი, ამბობს, რომ უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგაც აპირებს, სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების აღმოფხვრისთვის იბრძოლოს.
ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, პოლიტიკაში წასვლას არ გეგმავს და არასამთავრობო ორგანზაციაში გააგრძელებს მუშაობას.
რაც შეეხება ჩემს გეგმებს, ვიქნები ორიგინალური და არ წავალ პოლიტიკაში. გადავწყვიტე სასამართლო სისტემაზე ძალიან სიღრმისეული და ფუნდამენტური მუშაობა. არ ვაპირებ, ეს ეტაპი დავასრულო და შევეგუო იმ მდგომარეობას, რაც ჩვენი ქვეყნის სასამართლო სისტემაშია. ვაპირებ, დავაფუძნო ორგანიზაცია, რომელიც იმუშავებს სასამართლო თემაზე და ახალი მეთოდებით ვაპირებ ამ საკითხზე სიღრმისეულ მუშაობას. ეს არის ის, რაც დღეს ჩვენს ხალხს სჭირდება. მთავარი მიზანია, სასამართლო გახდეს დამოუკიდებელი და ეფექტიანი. ვაპირებ ინტენსიურ მუშაობას ჩვენს მოქალაქეებთან“, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.
მისი თქმით, ამჟამად გუნდის დაკომპლექტებაზე კონსულტაციებს მართავს:
მოლაპარაკება მაქვს ძალიან ბევრ ღირსეულ, კვალიფიციურ ადამიანთან და დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი იქნება დაინტერესებული, ერთობლივი ძალებით გავაკეთოთ ძალიან კარგი საქმე”, – თქვა ჯანეზაშვილმა.
მან შემაჯამბელ ბრიფინგზე მედიას განსაკუთრებული მადლობა გადაიხადა
ამ ოთხი წლის განმავლობაში ჩემი პარტნიორი იყო მედია და საზოგადოება. ამიტომ მინდა, მედიას გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა. რომ არა თქვენ, ის პრობლემები, რომელიც არსებობს სასამართლო სისტემაში, არ გასაჯაროვდებოდა და საზოგადოება ვერ შეიტყობდა"- დასძინა მან.
ჯანეზაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად პარლამენტმა ოთხი წლის წინ აირჩია.