"ლელოს" ინიციატივა - რას ამბობენ "ოცნებაში"
"ქართული ოცნება" ფიქრობს რომ საქართველოში ღირსეული პენსიაა. პარტია "ლელოს" ინიციატივის შემდეგ, მთელი ხელსუფლება ამტკიცებს, რომ პენსიონერები ჩვენს ქვეყნაში კარგ პირობებში ცხოვრობენ.
"ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ "ლელოს" დაპირება პენსიების 1000 ლარამდე ზრდაზე არარეალურია და ოპოზიციური პარტიის დამფუძნებელს ურჩევს სწორად თვლა ისწავლოს.
"ლელოში" ნეტა რა დაითვალეს სწორად, რომ პენსიები დაეთვალათ სწორად. ის ვერ დათვალეს, პარლამენტში ოთხნი შევიდნენ და ორნი დარჩნენ. 2 წლის წინ, ხაზარაძემ თქვა, რომ წალენჯიხაში წალკოტი უნდა შევქმნაო და მაქსიმუმ ერთი საცალფეხო ხიდი გახსნა. შესაბამისად მათი წინასაარჩევნო ან არაწინასაარჩევნო დაპირება ბუნებრივია, რომ, არარეალურია და არც არავინ დაუჯერებს. ხაზარაძე ერთადერთი რასაც ითლის კარგად, ეს არის, თავის ჯიბეში რაც მიდის",- თქვა მაჭარაშვილმა.
"ოცნების" წევრს დავით მათიკაშვილს კი ხაზარაძის გუნდის ინიციატივა სასაცილოდ არ ჰყოფნის და ამბობს, რომ "ლელოს" განცხადებაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებს.
"ლელოს" უპასუხისმგებლო განცხადებები ღიმილისმომგვრელია. მათ არანაირი პასუხისმგებლობა არ გააჩნიათ. თითი-თითზე არ დაუდიათ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. თითონ ოპოზიციის ფუნქციებსაც ასრულებენ-თქო, რომ გითხრათ, ტყუილი იქნება. ამიტომ, ხელმოცარული და პროვოკაციული ოპოზიციის განცხადებებზე, რა პასუხი უნდა გაგცეთ".- განაცხადა მათიკაშვილმა.
ბექა ოდიშარიას თქმით, კი პენსიონერებზე ზრუნვით, "ლელო" სასაცილო მდგომარეობაში იგდებს თავს.
საუბარი "ლელოზე" და საერთოდ ფულზე ცოტა უხერხულია. სასაცილო მდგომარეობაში თავს ნუ ჩაიგდებენ. ამ ხალხს ხშირადა ვიწყდებათ თავიანთი სახსრების წარმომავლობა, ამიტომ ცოტა ფრთხილად იყვნენ, როდესაც საუბრობენ "ქართულ ოცნებაზე" და მის სოციალურ პოლიტიკაზე",- ამბობს ოდიშარია.
"ლელოში" კი ამბობენ, რომ აღნიშნული ინიციატივა პარტიის ლიდერებმა უკვე დათვალეს და პენსიების 1000 ლარამდე გაზრდა სრულიად რეალისტურია.
პენსიები, გარდა იმისა, რომ 1000 ლარი უნდა გახდეს, ის ყოველ წელს უნდა იზრდებოდეს. არა ისე, როგორც ღარიბაშვილს უნდება, აქ 20 ლარს მოვუმატებ და იქ 50-ს, არამედ რეალისტურად. ჩვენ დათვლილი გვაქვს, გაწერილი გვაქვს და ვიცით, რომ სრულად რეალისტურია, თუ რა თქმა უნდა, პოლიტიკური ნება იქნება. ვხედავთ, ქვეყანაში რაც ხდება, როდესაც გვესაუბრებიან ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე, 50 ოჯახის კეთილდღეობა რომ იზრდება, ესაა ეკონომიკური ზრდა?",- ამბობს ვატო სურგულაძე.
ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში "ლელო" პენსიას 1000 ლარამდე გაზრდის. ამის შესახებ პარტიის გენერალურმა მდივანმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
ირაკლი კუპრაძის განმარტებით, აღნიშნული ინიციატივა პარტიის ლიდერებმა უკვე დათვალეს.