დაუწესდეს სანქციები ივანიშვილის მორჩილ მოსამართლეებს - სამადაშვილის ინიციატივა
"ამ ქვეყანაში სასამართლო სისტემის დემონტაჟი უნდა დაიწყოს"- ამის შესახებ „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" ფრაქციის წევრმა, სალომე სამადაშვილმა, ადამიანის უფლებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, ომბუდსმენის წლიური ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.
ოპოზიციონერი ითხოვს, სანქციები დაუწესდეს ყველა იმ მოსამართლეს, ვინც სამადაშვილის შეფასებით, "ივანიშვილის რეჟიმს ემსახურება".
"ლელოს" წევრმა შესაბამისი კითხვით ნინო ლომჯარიას მიმართა და სახალხო დამცველის პოზიციით დაინტერესდა.
მიუხედავად იმისა, რომ მიშელის დოკუმენტს ხელი მოვაწერეთ, მათ შორის უმრავლესობის დეპუტატებმაც მოაწერეს ხელი, სასამართლო სისტემაში კლანი ძლიერდება. მინდა, გავიხსენო პოლიტიკური დევნილის, გიორგი რურუას, საკითხი, რურუას წინააღმდეგ ვინც გადაწყვეტილება გამოიტანა, ეს მოსამართლე გუშინ დააჯილდოვეს და მისცეს გრძელვადიანი იმუნიტეტი.
საერთაშორისოდ აღებულ ვალდებულებებს ხელისუფლება საერთოდ უგულვებელყოფს და ამას საკუთარი სასამართლო კლანის გაძლიერებისთვის აკეთებს. იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილის მმართველობის რეჟიმი პროკურატურისა და სასამართლო სისტემის კონტროლზე დგას.
მაინტერესებს, ფიქრობთ თუ არა თქვენ, რომ დრო არის, დავიწყოთ კონსულტაციები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილის მოსამართლეები, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ ივანიშვილის დღის წესრიგის გათვალისწინებით, შეყვანილ იქნან პოტენციურად სანქცირებულთა სიაში. ამ ხელისუფლებაზე ზემოქმედების სხვა მექანიზმი არ არსებობს - თუ არა სანქციებით მუქარა, ან რაიმე სახის მძიმე ზეწოლის მექანიზმების ამუშავება.
ფიქრობთ თუ არა თქვენ, რომ საქართველოში არსებობენ მოსამართლეები, რომლებიც მომავალში, პოტენციურად უნდა იყვნენ შეყვანილნი სანქცირებულთა სიაში ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიერ"- მიმართა სალომე სამადაშვილმა ნინო ლომჯარიას.