სკანდალი სამოქალაქო ავიაციაში - სააგენტოს ხელმძღვანელი მედიასთან არ ჩნდება
სკანდალი სამოქალაქო ავიაციაში - სააგენტოში ბრალდებებთან დაკავშირებით კითხვებს არ პასუხობენ. სააგენტოს ხელმძღვანელი გივი დავითაშვილი, რომლის წინააღმდეგაც პროკურატურაში სარჩელია შეტანილი, "პირველების" ზარებს არ პასუხობს.
დავითაშვილი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში მისულ "პირველებს" ადგილზე არ დახვდა. მისი ერთ-ერთი თანამშრომელი ამბობს, რომ დავითაშვილი შეხვედრაზეა და შეხვედრას ჟურნალისტებთან ვერ მოახერხებს.
"პირველებმა" დაკავშირება სცადა Georgian Airways-ის ხელმძღვანელთან, თუმცა, არც თამაზ გაიაშვილი პასუხობს კითხვებს.
ავიატორები ყურადღებას ამახვილებენ სამოქალაქო საავიაციო სააგენტოში არსებულ კრიზისზე და გამოსავალს ხედავენ იმაში, რომ პროკურატურამ იხელმძღვანელოს ევროკავშირის დადგენილი წესებით და მოკვლევა დაიწყოს.
ავიაციის სააგენტო უნდა იყოს, არის არაპოლიტიკური ორგანო, არ გვინდა გამოგონება ველოსიპედის, არსებობს EASA-ს რეგულაციები და მკაცრად EASA-ს რეგულაციებიდან გამომდინარე, დირექტივები რა არის, შეიძლება ამის ხელმძღვანელობის შედეგად ჩვენ მივყვეთ და ვნახოთ, თუ ვისი ბრალეულობაა და როგორ არის.
ავიაცია არის უფრო მკაცრად გაწერილი რეგულაციები, არ არსებობს აქ იმპროვიზაციები და კითხვის ნიშნები და რაღაცნაირად "სერი კუნძულები". რომ არ მოვხვდეთ შავ სიაში, თუ არის კითხვები, ჩვენ თვითონვე მივმართოთ EASA-ს, გაიარონ და იმის მიხედვით სრულიად მალე აღმოჩნდება, ვინ არის დამნაშავე“ - განაცხადა ავიაკომპანია "ეარ ჯორჯიას" დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ.
ერთ-ერთი საჯარო მოხელე, რომელიც საჯარო მოხელის სტანდარტებს აკმაყოფილებდა საქართველოში, იქნა გათავისუფლებული პოლიტიკური შეხედულებით. ფაქტია, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში არის კრიზისი, არ არის ჯანსაღი, კონკურენტული გარემო. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში არსებობს ორი სტანდარტი - ერთი სტანდარტი არის Georgian Airways-ისთვის სასათბურე პირობები, რომელიც მის დამფუძნებელს და მის კავშირებს ეხება სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში და დანარჩენი სხვა ავიაკომპანიებისთვის. ალბათ ეს იმიტომ, რომ ეს ერთი ადამიანის - თამაზ გაიაშვილის ინტერესებში არ შედის და მას სურს რუსეთთან ფრენებით და ხელისუფლებასთან სავარაუდო, კორუფციული გარიგებით დიდი ფული იშოვოს, ეწირება საქართველოს ავიაციის ინტერესი და ეწირება საქართველოს ავიაციის განვითარების პერსპექტივა,“ - ამბობს ვასო ურუშაძე.
ყოფილი შეფის წინააღმდეგ სასამართლო დავა ზურაბ კოპლატაძემ დაიწყო და მას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს. როგორც გაირკვა, კოპლატაძე სამსახურიდან იმის გამო გაუშვეს, რომ საკუთარ მოვალეობებს პირნათლად ასრულებდა. იურისტებს საქმეში აქვთ მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ კოპლატაძემ აღმოაჩინა Georgian Airways-ის ფინანსური დარღვევები და ფრენის გაჩერება კანონის შესაბამისად მოითხოვა.