ოკუპირებული აფხაზეთის სოფელი აიბღა რუსეთმა ოფიციალურად მიიტაცა

18.06.21 13:54
ოკუპირებული აფხაზეთის სოფელი აიბღა რუსეთმა ოფიციალურად მიიტაცა

,,დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" მონაცემებით, აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე სოფელი აიბღა ოფიციალურად რუსეთის ნაწილად გაფორმდა.  ის კრასნოდარის ოლქის ადლერის რაიონის, კერძოდ კი ქვემო შილკის თემში შემავალ ერთ-ერთ სოფლად დარეგისტრირდა. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, აფხაზურ სოფელზე ზედამხედველობა რუსეთის კრასნოდარის ოლქის გამგებელს დაევალა, რითაც დასტურდება, რომ აღნიშნული სოფელი რუსეთის შემადგენელ ნაწილად გაფორმდა.

არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევის თანახმად, სოფელი აიბღა რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის საზღვარზე მდებარეობს, აქ ძირითადად ეთნიკური რუსები ცხოვრობენ, სოფელი მძიმე მატერიალური კრიზისის ზღვარზე იმყოფება, რომლის გამოსწორება აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას არ შეეძლო და ამიტომაც მიიღეს აღნიშნული გადაწყვეტილება.

,,დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" ინფორმაციით, რეგიონში მცხოვრები ეთნიკურად რუსები და საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები, რომლებიც ამჟამად გალში იმყოფებიან, არაფორმალურ საუბრებში ხაზს უსვამენ, რომ მათი ინტერესი უფრო დიდია,  სურთ სრულად შეიერთონ აიბღას პლატო, რომელიც მდინარე ფსოუს სათავიდან რიწის ტბამდე და ავადჰარამდე ტერიტორიას მოიცავს. საუბარია გაგრის მუნიციპალიტეტის დაახლოებით 20 პროცენტზე. როგორც ირკვევა, ამ ტერიტორიის მიმართ რუსული მხარის მძაფრ ინტერესს, სტრატეგიული მნიშვნელობის სიმაღლეების გარდა, ამ პერიმეტრზე სასარგებლო წიაღისეულის დიდი მარაგების არსებობაც განაპირობებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" საერთაშორისო აქტორებსა და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ნაწილის ფაქტობრივი და სამართლებრივი ანექსიის შესახებ და გამოიყენოს ყველა შესაძლო ფორმატი, რუსეთის ფედერაციის მხრიდან აფხაზეთის ანექსიის პროცესზე სათანადო რეაგირებისა და რუსეთის პასუხისმგებლობის დასაყენებლად.