ბერამ თვითონ აღიარა ჩანაწერის ავთენტურობა - ხათუნა სამნიძე
"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი, ხათუნა სამნიძე, ამბობს, რომ ბერამ ჩანაწერის ავთენტურობა თავად აღიარა, ამიტომ გაუგებარია პროკურატურის განცხადება, რომელიც საპირისპიროს ამტკიცებს.
ქვეყანაში, სადაც არც ერთი ფარული მიყურადების ფაქტი არ გამოძიებულა, არც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების გამო არავინ არ დასჯილა, ასეთი პროკურატურისგან ასეთი განცხადება და ისევ გადაბრალება ,,ნაციონალურ მოძრაობაზე" კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად უპასუხისმგებლოა "ოცნება". ბერამ თვითონ აღიარა ავთენტურობა ამ ჩანაწერის, მან იმასაც ხაზი გაუსვა, რომ ასე მოიქცევა, ვინც მის დედიკოზე გაბედავს და უარყოფითს იტყვის. ამიტომ ეხლა პროკურატურამ უნდა გაბედოს და გამოიძიოს ეს საქმე", - ამბობს ხათუნა სამნიძე.
ცნობისთვის, პროკურატურაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ამირან გულუაშვილმა განაცხადა, რომ ბერასა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის შემდგარი სატელეფონო ჩანაწერი, რომელიც ტვ პირველის ეთერში 6 მარტს გავიდა, „მოდელირებული და გაყალბებულია“.
შეგახსენებთ, რომ სკანდალური აუდიოჩანაწერი "ნოდარ მელაძის შაბათის" ეთერში 6 მარტს გავიდა. აუდიოჩანაწერში ბერა ირაკლი ღარიბაშვილსა და ანზორ ჩუბინიძეს კონკრეტულ დავალებებს აძლევს, როგორ დასაჯონ ის პირები, რომლებიც ბერა ივანიშვილის მიმართ უარყოფით კომენტარებს წერენ. საუბრიდან ასევე ირკვევა, რომ "სადამსჯელო ოპერაციებს" ანზორ ჩუბინიძე პირადად ატარებდა და ანგარიშს ოლიგარქის შვილს აბარებდა.