მონტაჟი, მაქინაცია - "ოცნების" დეპუტატები პროკურატურის ვერსიას იმეორებენ

18.06.21 17:18
მონტაჟი, მაქინაცია - "ოცნების" დეპუტატები პროკურატურის ვერსიას იმეორებენ

,,ოცნების" დეპუტატები ბერა ივანიშვილის სკანდალურ ჩანაწერთან დაკავშირებით  პროკურატურის ვერსიას იმეორებენ და კითხვებზე პასუხის ნაცვლად ტვ პირველს პარტიული ინტერესების გატარებაში ადანაშაულებენ. მათიკაშვილი არ პასუხობს შეკითხვას, რატომ ამტკიცებს საგამოძიებო უწყება, რომ ჩანაწერი დამონტაჟებულია, როცა თავად ჩანაწერის ფიგურანტმა, ბერამ, აუდიომასალის ავთენტურობა უკვე დაადასტურა. 

საზოგადოებაც კარგად ხედავს, რომ საქმე არის აბსურდულ ცინიზმთან, რომელიც მომდინარეობს "ნაციონალური მოძრაობისგან" და მისი რუპორი ტელევიზიებისგან. თავისივე გადაღებული ფარული ჩანაწერები, მოახდინეს ფალსიფიცირება შემდგომ იმ სახით შესთავაზეს საზოგადოებას, რომ გაეჩინათ კითხვის ნიშნები, მაგრამ ტყუილს რომ მოკლე ფეხები აქვს, ეგ კარგად ვიცით ყველამ ჩვენ", - ამბობს დავით მათიკაშვილი. 

 "ოცნების" კიდევ ერთი დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი,  ყურადღებას არა თავად აუდიომასალის შინაარსზე, არამედ მისი მოპოვების გზებზე ამახვილებს და ამბობს, რომ ტვ პირველმა მაყურებელს დამონტაჟებული ვერსია შესთავაზა.   

სამწუხაროა, რომ 10 წლის წინ გაკეთებული ეს უკანონო ჩანაწერები 2021 წელს იქნა ისევ დამონტაჟებული და მაქინაციების გზით მიწოდებული ტელემაყურებელზე," - ამბობს  ქადაგიშვილი.

პროკურატურის შუალედური დასკვნის მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარული აუდიო ჩანაწერები „მოდელირებული და გაყალბებულია“. ცნობისთვის, საგამოძიებო უწყების საპირისპიროდ ჩანაწერში არსებული საუბარი დაადასტურა თავად სატელეფონო საუბრის ფიგურანტმა, ბერა ივანიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ სკანდალური აუდიოჩანაწერი "ნოდარ მელაძის შაბათის" ეთერში 6 მარტს გავიდა. აუდიოჩანაწერში ბერა  ირაკლი ღარიბაშვილსა და ანზორ ჩუბინიძეს კონკრეტულ დავალებებს აძლევს, როგორ დასაჯონ ის პირები, რომლებიც ბერა ივანიშვილის მიმართ უარყოფით კომენტარებს წერენ. საუბრიდან ასევე ირკვევა, რომ "სადამსჯელო ოპერაციებს" ანზორ ჩუბინიძე პირადად ატარებდა და ანგარიშს ოლიგარქის შვილს აბარებდა.