კატეგორიულად მნიშვნელოვანია, ანტიკორუფციული ბიუროს მთლიანი მოქმედების სქემა შეიცვალოს - დეკანოიძე
კატეგორიულად მნიშვნელოვანია, ანტიკორუფციული ბიუროს მთლიანი მოქმედების სქემა შეიცვალოს - ასე ეხმაურება "ევროოპტიმისტების" წევრი ხატია დეკანოიძე ვენეციის კომისიის კრიტიკულ დასკვნას.
დეკანოძე ამბობს, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით ოპოციას რამდენიმე კვირის წინ ჰქონდათ შეხვედრა ვენეციის კომისიის წარმომადგენლობასთან და დასკვნაში სწორედ ის შენიშვნებია გათვალისწინებული, რაც მათ დააყენეს.
რამდენიმე კვირის წინ ოპოზიციას ჰქონდა ძალიან ვრცელი და ფართო შეხვედრა ვენეციის კომისიის წარმომადგენლობასთან, ტექნიკური შეხვედრაც, სადაც განვიხილეთ ძალიან დაწვრილებითი ნაწილიც და ასევე პრეზიდენტთან შეხვედრაც და ჩვენ ზუსტად ის შეშფოთება გამოვთქვით, რაც გულისხმობდა ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის ხარისხს, რომელიც პრაქტიკულად, ნულია. ასევე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დამოუკიდებლობის ხარისხს, რომელიც ასევე ნულია და რომელიც მხოლოდ პარტიების დაფინანსებას ამოწმებს. პრაქტიკულად, ჩვენი შენიშვნები არის გათვალისწინებული ვენეციის კომისიის დასკვნაში. კატეგორიულად მნიშვნელოვანია, შეიცვალოს ანტიკორუფციული ბიუროს მთლიანი მოქმედების სქემა", - ამბობს ხატია დეკანოიძე.
ირაკლი ღარიბაშვილის მიერ შექმნილი ანტიკორუფციული საბჭო ვენეციის კომისიამ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა. საერთაშორისო სამართლის ექსპერტების სკანდალური დასკვნა ცოტა ხნის წინ გასაჯაროვდა. დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ "ქართული ოცნების" მიერ შექმნილი ანტიკორუფციული საბჭო უფუნქციოა, საბჭოს წევრები კი ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები არიან, რაც მათ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს.