"გვაქვს კონკრეტული კითხვები" - "ოცნება" ვენეციის კომისიისგან სამართლებრივ არგუმენტაციებს ითხოვს

20.12.23 13:30
"გვაქვს კონკრეტული კითხვები" - "ოცნება" ვენეციის კომისიისგან სამართლებრივ არგუმენტაციებს ითხოვს

ჩავარდნილ რეფორმებზე "ოცნება" პასუხისმგებლობას არ იღებს, არადა ანტიკორუფციული და საარჩევნო კანონი, რომელიც ვენეციის კომისიამ დაიწუნა, ჯერ პარლამენტმა განიხილა და შემდეგ დაამტკიცა. კრიტიკული დასკვნის შემდეგ კი, ახლა მთელი "ქართული ოცნება" თავს იმართლებს.

ხელისუფლებამ დღეს იერიში საერთაშორისო ექპერტებზეც მიიტანა, თქვეს, რომ ვენეციის კომისიის წევრებმა ანტიკორუფციული სააგენტო ისე გააკრიტიკეს, რომ სამართლებრივი არგუმენტებიც კი ვერ დადეს.

„ვენეციის კომისია სამართლებრივი არგუმენტაციის გარეშე ამბობს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის არჩევასთან დაკავშირებით დავუბრუნდეთ მოცემულობას, როგორც ეს 19 აპრილის შეთანხმებაშია გაწერილი.

16 გვერდიანია ეს დასკვნა და მე როდესაც გავეცანი ამ დასკვნას, ვერცერთი სამართლებრივი არგუმენტი ვერ მოვისმინე. გასაგებია, რომ სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სისტემაა. საფრანგეთში საერთოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებს არჩევნებს, მაგრამ, ჩვენ ვსაუბრობთ იმ ქვეყნებზე, სადაც პარლამენტი აკომპლექტებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციას, სადაც აბსოლუტურად არის მიღებული ის პრაქტიკა, რომ უმრავლესობა პარლამენტის აკომპლექტებს ცესკოს ადმინისტრაციას. ვენეციის დასკვნასთან დაკავშირებით გვაქვს კონკრეტული შეკითხვები, ვიმედოვნებთ, რომ სამართლებრივი არგუმენტაციები იქნება წარმოდგენილი იმისთვის, რომ ჩვენ გავხსნათ დიალოგის პროცესი", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ შექმნილი ანტიკორუფციული საბჭო ვენეციის კომისიამ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა. საერთაშორისო სამართლის ექსპერტების სკანდალური დასკვნა ცოტა ხნის წინ  გასაჯაროვდა. დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ "ქართული ოცნების" მიერ შექმნილი ანტიკორუფციული საბჭო უფუნქციოა, საბჭოს წევრები კი ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები არიან, რაც მათ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს.