ვენეციის კომისიამ კიდევ ერთი ალიყური აარტყა რუსულ პარტიას - ხაბეიშვილი

20.12.23 13:40
ვენეციის კომისიამ კიდევ ერთი ალიყური აარტყა რუსულ პარტიას - ხაბეიშვილი

ვენეციის კომისიამ კიდევ ერთი ალიყური აარტყა რუსულ პარტიას - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილი ამბობს, რომ ვენეციის კომისიამ ანტიკორუფციულ ბიუროზე პირდაპირ თქვა, რომ ფასადურია.

ენმ-ს თავმჯდომარეს იმედი არ აქვს, რომ ენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნის მიუხედავად, ანტიკორუფციული სამსახურის საქმიანობას ვინმე გამოიძიებს.

„ვენეციის კომისიამ კიდევ ერთი ალიყური აარტყა რუსულ პარტიას. ვენეციის კომისიამ პირდაპირ თქვა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე, რომელიც დღეს არის, არ უნდა იყოს, უნდა გადადგეს, პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს, მაღალი ლეგიტიმაციით აირჩიონ და არა პირობითად "რუსული პარტიის" მიერ იყოს დანიშნული.

ეს ვენეციის კომისიამ შავით თეთრზე დაწერა და ასევე, კონკრეტული სამსახური რომ შექმნეს, სადაც თავისი ძმაკაცი თუ კარგი თამადა რომ დაასაქმეს, მასზეც თქვეს, რა სამსახურია, საერთოდ, რა ლეგიტიმაცია აქვს და ვინ არიან საერთოდ ეს ხალხიო. ამ ანტიკორუფციულ ბიუროზე თქვეს, რომ სასაცილოა, სისულელეა, ფასადურია. ცხადია, არავინ არაფრის გამომძიებელი არ არის. ის, რომ ღარიბაშვილის მოპარულს მისი დანიშნული თამადა კაცი არ გამოიძიებს, ეს ყველას გვესმის", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ შექმნილი ანტიკორუფციული საბჭო ვენეციის კომისიამ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა. საერთაშორისო სამართლის ექსპერტების სკანდალური დასკვნა გუშინ გასაჯაროვდა. დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ "ქართული ოცნების" მიერ შექმნილი ანტიკორუფციული საბჭო უფუნქციოა, საბჭოს წევრები კი ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები არიან, რაც მათ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს.