საქართველოს ევროპულ ოჯახში მიღებას სასამართლოში კლანური მმართველობის დასრულება და დემოკრატიული არჩევნები განსაზღვრავს - ბესელია

20.12.23 20:04
საქართველოს ევროპულ ოჯახში მიღებას სასამართლოში კლანური მმართველობის დასრულება და დემოკრატიული არჩევნები განსაზღვრავს - ბესელია

საქართველოს ევროპულ ოჯახში წევრად მიღებას  სასამართლოში კლანური მმართველობის დასრულება და დემოკრატიული არჩევნები განსაზღვრავს - ამის შესახებ პოლიტიკოსმა ეკა ბესელიამ, ზუგდიდში, მართლმსაჯულების სახლის გახსნის ცერემონიაზე ჟურნალისტებტან განაცხადა, სადაც ის, საქართველოს პრეზიდენტთან ერთად იმყოფებოდა.

ბესელიას თქმით, ამ რეფორმების გარეშე საქართველოს შემდეგ ეტაპზე გადასვლა გაუჭირდება.

ორი მთავარი რამ განსაზღვრავს საქართველოს ევროპულ ოჯახში წევრად მიღებას. პირველი ეს იქნება, მართლმსაჯულების რეფორმა და კლანური მმართველობის დასრულება და მეორე, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები. ამის გარეშე ჩვენ შემდეგ ეტაპზე გადასვლა ძალიან გაგვიჭირდება, რადგან ის, რაც ახლა მივიღეთ, ეს იყო პირობადადებული ნაბიჯი და ამ პირობებში დევს მართლმსაჯულების რეფორმა, რასაც ჩვენ ვეხმარებით, ხელს ვუწყობთ, მაგრამ ეს არის ხელისუფლების ნება და ეს არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომელიც მომავალ წელს უნდა ჩავატაროთ", - აღნიშნა ბესელიამ.

2024 წელი სალომე ზურაბიშივლმა სასამართლოს გათავისუფლების წლად გამოაცხადა. დღეს ზურაბიშვილმა სასამართლოს კლანური მმართველობისგან გათავისუფლებაზე ეკა ბესელიასთან ერთად ილაპარაკა, "ოცნების" იმ დამფუძნებელთან ერთად, რომელიც ივანიშვილის გუნდიდან სწორედ მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის გამო წავიდა. 

ზურაბიშვილმა დღეს "ქართულ ოცნებაზე" იერიშისთვის ისევ ალეგორიების გზა აირჩია, თქვა რომ როდესაც თავისუფალ სასამართლოს ხალხს ართმევენ, ასეთ შემთხვევებში პროცესები ქუჩაში გადადის. იყო პარალელები საბოჭოთა კავშირთან, როდესაც კომუნისტური რეჟიმი ხალხს უსამართლობას აჩვევდა. ფაქტია, საბჭოთა წარსულის გახსენება სალომე ზურაბიშვილისგან, მხოლოდ ისტორიის გაკვეთლები არ ყოფილა და ყველა სიტყვას მისი ადრესატი ჰყავდა.