სასამართლოს სამართლიანად და დამოუკიდებელ მექანიზმად გადაქცევის გზა არჩევნებზე გავა - ნაცვლიშვილი
სასამართლოს სამართლიანად და დამოუკიდებელ მექანიზმად გადაქცევის გზა არჩევნებზე გავა - ამის შესახებ "ლელოს" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
ნაცვლიშვილს არ ჰგონია, პრეზიდენტმა არ იცოდეს, რომ "ოცნებას" არანაირი პოლიტიკური ნება არ გააჩნია, სასამართლო დამოუკიდებელი გახადოს.
არ მგონია, რომ პრეზიდენტმა არ იცოდეს და არ ჰქონდეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პოლიტიკური ნების გარეშე რეალური რეფორმა არ გატარდება და არც ის მგონია არ იცოდეს, რომ მოქმედ ხელისუფლებას არანაირი პოლიტიკური ნება არ გააჩნია სასამართლო რეალურად გახადოს დამოუკიდებელი და თავისუფალი. ამიტომ, დიახ, საარჩევნო წელია და კარგად უნდა გვახსოვდეს ყველას, რომ არჩევნებზე გავა სასამართლოს სამართლიანად და დამოუკიდებელ მექანიზმად გადაქცევის გზა", - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.
2024 წელი სალომე ზურაბიშივლმა სასამართლოს გათავისუფლების წლად გამოაცხადა. დღეს ზურაბიშვილმა სასამართლოს კლანური მმართველობისგან გათავისუფლებაზე ეკა ბესელიასთან ერთად ილაპარაკა, "ოცნების" იმ დამფუძნებელთან ერთად, რომელიც ივანიშვილის გუნდიდან სწორედ მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის გამო წავიდა.
ზურაბიშვილმა დღეს "ქართულ ოცნებაზე" იერიშისთვის ისევ ალეგორიების გზა აირჩია, თქვა რომ როდესაც თავისუფალ სასამართლოს ხალხს ართმევენ, ასეთ შემთხვევებში პროცესები ქუჩაში გადადის. იყო პარალელები საბოჭოთა კავშირთან, როდესაც კომუნისტური რეჟიმი ხალხს უსამართლობას აჩვევდა. ფაქტია, საბჭოთა წარსულის გახსენება სალომე ზურაბიშვილისგან, მხოლოდ ისტორიის გაკვეთლები არ ყოფილა და ყველა სიტყვას მისი ადრესატი ჰყავდა.