"ოცნების" უარი გერმანიას? - ოპოზიცია ხელისუფლებისგან განმარტებას ითხოვს

21.12.23 11:38
"ოცნების" უარი გერმანიას? - ოპოზიცია ხელისუფლებისგან განმარტებას ითხოვს

"მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაადასტუროს ან უარყოს ინფორმაცია" -  "ევროპული საქართველო" ხელისუფლებისგან განმარტებას ითხოვს. 

საუბარია, გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, გამკაცრებული საიმიგრაციო პოლიტიკის პირობებში ქართველებისთვის გერმანიაში სამუშაოს ლეგალურად პოვნის შესაძლებლობას არ დათანხმდა.

თენგიზ კირთაძის თქმით, საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმება მაღალანაზღაურებიან სამსახურში ეროვნულ ინტერესებს არანაირად არ ეწინააღმდეგება.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დაადასტუროს ან უარყოს ეს ინფორმაცია და დადასტურების შემთხვევაში ახსნას, თუ რატომ შეუშალა ხელი ქართველი დასაქმებულების მიგრაციას გერმანიაში ლეგალურად და მაღალანაზღაურებად სამსახურებში და რომელ ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება", - განაცხადა თენგიზ კირთაძემ.

პარტია "ევროპული საქართველოს" წევრი, ბესიკ დონაძე თვლის, რომ მთავრობამ საქართველოს მოქალაქეებს დაუკარგა გერმანიაში ლეგალურად ცხოვრების შესაძლებლობა.

პირველ ნაწილში, რომელიც ეხება დეპორტაციას გერმანიიდან, ამ ნაწილში საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად თანამშრომლობს გერმანიის მთავრობასთან, ხოლო იმ ნაწილში, რომელიც ეხება ლეგალურად დასაქმებას, ამ ნაწილში, სამწუხაროდ, უარი თქვა საქართველოს მთავრობამ და ფაქტობრივად, შესაძლებლობა დაუკარგა ჩვენს მოქალაქეებს ლეგალურად იცხოვრონ გერმანიაში, მიიღონ მაღალი ანაზღაურება და არ იყვნენ მუდმივ შიშში დეპორტაციის", - აღნიშნა ბესიკ დონაძემ.

საქართველოში გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ნენსი ფეზერის ვიზიტის შემდგომ, გერმანიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიგრაციის ხელშეკრულებებში გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოს მთავრობას ქართველი კადრებისთვის დასავლეთ ბალკანეთის მოდელით დასაქმება შესთავაზა, ხოლო "საქართველოს მთავრობისთვის ეს სრულებით უინტერესო იყო". 

არადა, ცნობილია, რომ დასავლეთ ბალკანეთის მოდელი გერმანიაში ლეგალურად დასაქმების გამარტივებულ პროცედურებს გულისხმობს.