IDFI: სრულფასოვანი განათლების მიღების ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი სიღარიბეა

26.12.23 18:59
IDFI: სრულფასოვანი განათლების მიღების ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი სიღარიბეა

რას გვასწავლის PISA-ს 2022 წლის შედეგები? - ამის შესახებ ანგარიშსს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) PISA-ს 2022 წლის შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს

არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, სრულფასოვანი განათლების მიღების ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი სიღარიბეა.

ორგანიზაციის თანახმად, მოსწავლეების უმეტესობას ხელი არ მიუწვდებათ საგანმანათლებლო მასალებზე და ვერ ერთვებიან შემეცნებით/სპორტულ აქტივობებში.

ანალიზში მიმოხილულია 10 მიზეზი, რასაც შესაძლებელია უარყოფითი გავლენა ჰქონდეს ქვეყანაში განათლების სისტემის განვითარებაზე:

  1. სიღარიბე;
  2. სასკოლო ინფრასტრუქტურა; 
  3. მასწავლებლის კვალიფიკაცია;
  4. სკოლის პოლიტიზება/დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხი
  5. სკოლების დაფინანსება
  6.  სასკოლო პროგრამა და მოსწავლეთა შეფასების სისტემა; 
  7. COVID-19 პანდემია;  
  8. მოსწავლეთა დაბალი მოსწრება;
  9. დაბალი ინკლუზიურობა;
  10. მშობლების ჩართულობა.

IDFI-ის კვლევის თანახმად, საქართველოში მცხოვრები ბავშვების 60%-ზე მეტს მინიმუმ ერთი მატერიალურ-სოციალური დანაკლისი აქვს. ასეთი დანაკლისი სოფლად მცხოვრები ბავშვების თითქმის ნახევარს - 47%-ს აქვს. ბავშვების 37.8%-თვის ოჯახები სამ ან მეტ საჭიროებას ვერ უზრუნველყოფენ, რაც აღემატება ბავშვებში აბსოლუტური სიღარიბის დონეს - 19.6%-ს. ბავშვების 23.4%-ს მხოლოდ მატერიალური და სოციალური დანაკლისი აქვს, 5.3%-ს აბსოლუტური სიღარიბე, ხოლო ბავშვების 14.3% ერთდროულად ორივე პრობლემის წინაშეა. მესამედზე მეტი არ იკვებება სკოლაში და მატერიალური მდგომარეობის გამომდინარე, მოსწავლეთა 45%-ს არ აქვს მისთვის სასურველი სულ მცირე ერთი საგანმანათლებლო მასალა: კომპიუტერი, წიგნი, სახატავი და ა.შ.

მიმოხილვაში გამოკვეთილია ის 10 მიზეზი, რაც მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვნად აფერხებს განთლების სისტემის განვითარებას. განათლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის დაგეგმილია გარკვეული რეფორმების განხორციელება, მაგალითად, იზრდება განათლების სამინისტროს დაფინანსება, რომლის დიდი ნაწილი მასწავლებლების ხელფასების ზრდისთვის არის განკუთვნილი. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებით, 2024 წლის ივლისიდან, სრული დატვირთვის პირობებში, მასწავლებლების ხელფასი, მათი სტატუსის მიუხედავად, საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაიზრდება და ეს ცვლილება მასწავლებელთა კორპუსის (51,090) 70%-ს შეეხება34. ასევე, დაგეგმილია განათლების ინფრასტრუქტურაზე გასაწევი ხარჯების 56%-ით ზრდა35.  PISA-ს შედეგების გამოქვეყნების პარალელურად სამინისტროს მიერ დაანონსდა ახალი რეფორმა, რომელიც სასწავლო პროგრამის მოდიფიცირებასაც ითვალისწინებს.  ახალი რეფორმის მიხედვით36: პირველ ეტაპზე სკოლები თვითონ განსაზღვრავენ რა ფორმით და შემადგენლობით იმუშავებენ სასწავლო გეგმაზე, რა რესურსით, რა მიდგომითა და მეთოდებით მიაღწევენ სასწავლო მიზნებს, ხოლო მეორე ეტაპზე შემუშავდება საშუალო საფეხურის ახალი მოდელი, რომლის მიხედვითაც მოსწავლის ინტერესებიდან გამომდინარე მათთვის შეთავაზებული იქნება ჰუმანიტარული, საბუნებისმეტყველო ან პროფესიული პროგრამები. ასევე, ახალი მოდელის დანერგვის მიზნით შემუშავდება მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების შეფასების სისტემა ყოველი საფეხურის ბოლოს.  იმედი გვაქვს, რომ დაგეგმილი ცვლილებები ხელს შეუწყობს ქვეყანაში განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რაც დადებითად აისახება მოსწავლეთა შედეგებზე," - წერია მიმოხილვაში.

შეგახსენებთ, PISA-ს განათლების კვლევაში საქართველოს 2022 წლის შედეგები, 2018 წელთან შედარებით, მათემატიკასა და კითხვაში გაუარესდა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კი მცირედით გაუმჯობესდა. კვლევის თანახმად, საქართველო წაკითხულის გააზრებაში 81 ქვეყანას შორის 67-ე ადგილზეა.