დარღვევები ნინოწმინდის პანსიონში - დაწესებულების გარშემო ახალმა სკანდალმა იფეთქა
ნინოწმინდის პანსიონის გარშემო ახალმა სკანდალმა იფეთქა - შემოწმების შედეგად ჯანდაცვის სამინისტრომ 9 მთავარი დარღვევა დაადგინა, მათ შორის, ვერ იპოვა დოკუმენტები, რომელიც დაადასტურებდა, რომ პანსიონის თანამშრომლები ნასამართლევი არ არიან.
ხმაურიანი დოკუმენტი პარლამენტის წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა, გამოითხოვა. დოკუმენტში წერია, რომ ნინოწმინდის პანსიონს ამ დარღვევების გამოსასწორებლად ვადა 4 ივლისამდე აქვს, თუმცა პანსიონის დასკვნა ჯერ საპატრიარქოს არ მიუღია.
შენიშვნებში წერია, რომ პანსიონს შემუშავებული არ აქვს ძალადობისგან დაცვის შიდა მექანიზმები.
რაც შეეხება საკვებ რაციონს, სადილი სამი კომპონენტისგან არ შედგებოდა. ამასთან შენიშვნების ჩამონათვალში წერია, რომ ერთ ოთახში ოთხ ბავშვზე მეტი ათევდა ღამეს. მათ შორის იყვნენ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებიც.
უმალავს თუ არა ჯანდაცვის სამინისტრო საპატრიარქოს დოკუმენტებს, თუ უბრალოდ დოკუმენტების გადაგზავნა დაავიწყდათ, ამაზე პასუხი არ არსებობს.
საპატრიარქოს იურისტი, ედიშერ ქარჩავა "ტვ პირველს" უდასტურებს, რომ მათ ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს მიერ შემუშავებული დოკუმენტი.
დარღვევებთან დაკავშირებით რაიმე ოფიციალური დოკუმენტი არ მიგვიღია. შესაძლებელია, ადრე იყო ფორმალური ხასიათის დარღვევები. ჩვენ პატრიარქის ბრძანებით, 18 ივნისიდან ვაწარმოებთ რეორგანიზაცია-ოპტიმიზაციას და შესაბამისობაში მოგვყავს შესაძლო რეკომენდაცია, რომელიც გაიცემა ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანოების მიერ, აუცილებლად იქნება გამოსწორებული თუ ასეთი იქნება. გარდამავალ ეტაპზე ყველა ის მოთხოვნა, რომელსაც ისინი წარმოგვიდგენენ, შესრულებული იქნება. მეუფე იაკობმა როგორც განაცხადა, მიმდინარე შესაძლო დარღვევებთან ჩვენ ინფორმაცია არ გვქონდა"- განაცხადა ქარჩავამ.
რაც შეეხება სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარია უახლოეს დღეებში პანსიონში მეუფე იაკობთან ერთად ჩავა და სიტუაციას ადგილზე გაეცნობა:
დაგვიანებული რეაგირება არის, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ დღეს ეს განხორციელდა, მოგეხსენებათ ორი შემოწმება ჰქონდათ ჩატარებული წინა წლებში და დარღვევები გამოვლენილი, თუმცა ამასთან დაკავშირებით, საერთოდ კომუნიკაციაც არ ჰქონიათ პანსიონის ხელმძღვანელობას სამინისტროსთან და არც სამინისტროს მხრიდან იყო რაიმე რეაგირება. მე ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მეტი იქნება პრობლემები, იმიტომ, რომ მონიტორინგი რომელსაც ჩვენ ვგეგმავთ კიდევ უფრო მასშტაბური იქნება", - თქვა ნინო ლომჯარიამ.