ვიღაც თანამშრომლობას აპირებს მელიასთან, მაგრამ არ აპირებს ენმ-სთან, გეგონება, მელია მოსული იყოს რომელიმე სხვა პარტიიდან - სარჯველაძე
"შეუძლებელია, ვინმემ ახსნას, რა არის იდეოლოგიური თანხვედრა მაგალითად, ლელოს და მელიას შემთხვევაში", - ამ განცხადებას "ქართული ოცნების" დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე "ლელოსა" და ნიკა მელიას შორის სამომავლო თანამშრომოლობასთან დაკავშირებით აკეთებს.
როგორც სარჯველაძე ამბობს, მისთვის გაუგებარია, რა საერთო აქვს ნიკა მელიას და "ლელოს". მათ შესაძლო გაერთიანებას კი საარჩევნოდ ბარიერის გადალახვისთვის საჭირო ხმების მობილიზებით ხსნის.
გამკვირვებია, როდესაც სტრატეგიას ასე სახავენ, რომ ვიღაც თანამშრომლობას აპირებს მელიასთან, მაგრამ არ აპირებს თანამშრომლობას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ - გეგონება, მელია მოსული იყოს რომელიმე სხვა პარტიიდან ან დაჯგუფებიდან. ეს არის რეალურად ერთადერთი მერკანტილური მიზნებით ნაკარნახევი, რომ რაღაცნაირად საკუთარი ვიწრო პარტიული გადმოსახედიდან ნახონ შესაძლებლობა, რომ გადალახონ ბარიერი, სხვა ფუნქცია ამ გაერთიანებს არ გააჩნიათ, ჩემი დაკვირვებით ასეა. ყოველ შემთხვევაში, შეუძლებელია, ვინმემ ახსნას, რა არის იდეოლოგიური თანხვედრა მაგალითად, ლელოს და მელიას შემთხვევაში,“ - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.
"ლელოში" ნიკა მელიასთან კონსულტაციებს არ ადასტურებენ, ამბობენ, რომ ამ დროისთვის მელიასთან მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.