თავდასხმა კასპის საკრებულოში - "ტვ პირველის" ინფორმაციით, "ოცნების" მაღალჩინოსნები სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

15.01.24 15:19
თავდასხმა კასპის საკრებულოში - "ტვ პირველის" ინფორმაციით, "ოცნების" მაღალჩინოსნები სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

"ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს ბრალი წაუყენეს - საკრებულოს დეპუტატებს პროკურატურა სამოქალაქო აქტივისტზე ირაკლი მილაძეზე ძალადობას ედავება. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ირაკლი მილაძე ორი წლის წინ ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის სცემეს.

ბრალი წაუყენეს კასპის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი მჭედლიშვილს და აპარატის უფროსს ზურა ჩიტიშვილს. "ტვ პირველის" ინფორმაციით, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებაზე უკვე იმსჯელა და ორივე პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, წინასასამართლო სხდომა კი 5 თებერვალს არის ჩანიშნული. კასპის საკრებულოს მაღალჩინოსნები დაკავებულ თანამდებობებს ამ დრომდე ინარჩუნებენ.

სასამართლოს გადაწყვეტილება კი დაზარალებულების ინტერესების დამცველებს აძლევთ ვარაუდის საფუძველს, რომ კლანის მფარველობის გამო მოხდა ის, რომ მოსამართლემ "ოცნების" მაღალჩინოსნები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი აცხადებს, რომ საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდება და შესაბამისი განაცხადი თებერვალში გაკეთდება.

სამოქალაქო აქტივისტ ირაკლი მილაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაღალჩინოსნებმა და ამასთან დაკავშირებითაც არ აპირებდა საგამოძიებო უწყება, რომ რაიმე რეაგირება მოედინა. ჟურნალისტებთან დაკავშირებით უკვე აშკარაა, რომ არც საგამოძიებო უწყება და არც გენერალური პროკურატურა არ აპირებს, რომ მიიყვანონ ბოლომდე, რაც გულისხმობს იმას, რომ არ აპირებენ ჟურნალისტებს მისცენ დაზარალებულის სტატუსი. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს მომზადება სტრასბურგში წარსადგენი საჩივრისა, შესაბამისად, თვის ბოლოს, მაქსიმუმ თებერვლის დასაწყისში ჩვენ ამ საჩივარს წარვადგენთ, სადაც მოვითხოვთ სახელმწიფოს მხრიდან როგორც არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის თაობაზე მუხლის, ასევე გამოხატვის თავისუფლების მუხლის დარღვევის დადგენას,“ - ამბობს იურისტი ლექსო მერებაშვილი.

დაპირისპირების დროს თავდასხის მსხვეპლი გახდნენ ჟურნალისტებიც, მათ შორის "ტვ პირველისა" და "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფებიც, მაგრამ საქმემ ამ მიმართლებით წინ ვერ წაიწია. 

იმის მიუხედავად, რომ ჩვენ მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია სამართალდამცველებს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ვთვლი, რომ არ მომხდარა ადეკვატური რეაგირება, ვინაიდან ამ დრომდე არიან დაუსჯელები მოძალადეები. იქიდან გამომდინარე, რომ საქმეში ფიგურირებენ პოლიციის მაღალჩინოსნები და კიდევ უფრო სხვა მაღალი თანამდებობის პირები, ახლა ვხედავთ, რომ დაბალი რანგის ჩინოვნიკებს შეეხნენ, მხოლოდ მათ წაუყენეს ბრალი, რაც ცხადია, არ არის საკმარისი,“ - ამბობს "მთავარი არხის" ჟურნალისტი გიორგი ახალკაცი. 

მსგავსი სიახლეები