უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევა თვითნებურად და უსამართლოდ მიმდინარეობს - TI

24.06.21 18:25
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევა თვითნებურად და უსამართლოდ მიმდინარეობს - TI

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" მიიჩნევს, რომ  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის  პროცესი პრობლემურია, რადგან საბჭოს წევრების შეფასებები აჩენს არათანმიმდევრულობის, კანდიდატების მიმართ უთანასწორო დამოკიდებულების და შაბლონურობის შთაბეჭდილებას.

არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კლანური ძალაუფლების და სასამართლო სისტემის მანკიერი მართვის მთავარი ღერძი იუსტიციის უმაღლეს საბჭოშია მოქცეული, რომლის გავლითაც წარიმართება ყველა მნიშვნელოვანი პროცესი სასამართლოში. სისტემაში არსებული მძიმე პრობლემები კი პირდაპირ აისახება საზოგადოებრივ ნდობაზე. ბოლო წლების გამოკითხვები აჩვენებს სასამართლო ხელისუფლებისადმი საზოგადოების დიდი ნაწილის მკვეთრ გაუცხოებას და ნდობის აშკარა კრიზისს.

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" განცხადებას ავრცელებს.

მრავალი წელია, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ისევე როგორც საერთო სასამართლოების თვითმმართველობის ორგანო, ამგვარი საზოგადოებრივი განწყობებისა და კრიტიკის პირობებში ახორციელებს საქმიანობას. შედეგად, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მუდმივად წარმოშობს კითხვის ნიშნებს სამართლიანობის, მიუკერძოებლობისა და გავლენებისგან თავისუფლების კუთხით. ამ ფონზე, გასაკვირი არ არის, რომ რეფორმის რამდენიმე ტალღისა და მუდმივი საკანონმდებლო/ინსტიტუციური ცვლილებების მიუხედავად, სასამართლომ ვერ მოახერხა, საზოგადოების მხრიდან აღქმული ყოფილიყო რეალურად დამოუკიდებელ და სამართლიან ინსტიტუციად.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესიც ამგვარ მოცემულობაში წარიმართა. საბჭოს არსებული შემადგენლობისადმი ფუნდამენტური კრიტიკისა და სასამართლო სისტემის მიმართ უნდობლობის პირობებში, მოსამართლეთა შერჩევის პროცესი აღიქმებოდა კლანური ძალაუფლების განმტკიცებისა და არსებული პრობლემების გაღრმავების მორიგ ეტაპად. სასამართლო სისტემის მმართველობისა და ადმინისტრირების მიმართ არსებული ამ დონის საზოგადოებრივი კრიტიკის პირობებში, მიმდინარე პროცესი ლეგიტიმაციის ცხადი კრიზისით ხასიათდება.

აღსანიშნავია, რომ ეს საკითხი კიდევ უფრო გაამძაფრა იმ ფაქტმა, რომ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის 28 აპრილის რეკომენდაცია. ვენეციის კომისია, რეფორმების საჭიროების გათვალისწინებითა და კანდიდატების თანასწორობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს ხელისუფლებას მოსამართლეთა კონკურსის ხელახლა გამოცხადებას სთავაზობდა. ამის მიუხედავად, კანდიდატების შერჩევის პროცესი გაგრძელდა და იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 1 ივნისს გამოაქვეყნა კონკურსში მონაწილე პირების ინდივიდუალური შეფასებები, ხოლო 17 ივნისის გადაწყვეტილებით, პარლამენტს წარუდგინა საუკეთესო შეფასების მქონე 9 კანდიდატი. კონკურსის მონაწილეების შეფასებების ანალიზი არაერთი მიმართულებით აჩვენებს ხარვეზებს და ეჭვქვეშ აყენებს ზოგადად კონკურსის სამართლიანობასა და სანდოობას. - ნათქვამია განცხადებაში.

 

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" აცხადებს,  რომ საბჭოს არსებულ შემადგენლობას არ აქვს ნება, დასაბუთების კომპონენტი არსებითად სამართლიანი და გამჭვირვალე პროცესის ინსტრუმენტად აქციოს.

მოსამართლეთა შერჩევის პროცესში კანდიდატების კვალიფიკაციის შეფასება, იშვიათი გამონაკლისების გარდა, მთლიანად ეფუძნებოდა შაბლონურ მიდგომებს. საბჭოს წევრები უმეტესად იყენებდნენ მზა ტერმინოლოგიასა და ფრაზებს, რათა კანდიდატისთვის მინიჭებული მაღალი, ან დაბალი ქულები გაემართლებინათ. შესაბამისად, დასაბუთებების ხარისხი და მოცულობა იყო მწირი, არ ეფუძნებოდა კანდიდატების კვალიფიკაციის, გასაუბრების დროს გამოვლენილი ძლიერი და სუსტი მხარეების და მათი პიროვნული მახასიათებლების სიღრმისეულ და კონკრეტიზებულ გამოკვლევას. ამ დასკვნას დამატებით ამყარებს ის ფაქტი, რომ რიგ შემთხვევებში სხვადასხვა შემფასებლების კომენტარები კანდიდატების მიმართ იყო იდენტური ან მსგავსად ფორმულირებული. - წერია განცხადებაში.

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს"  განცხადების მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვადასხვა წევრის შეფასებებში გაბნეულად არის ფაქტობრივი ინფორმაციები კანდიდატების შესახებ, როგორიცაა, მაგალითად, პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება, დისციპლინური დევნა, ბიზნეს საქმიანობა, მედიაში მათ შესახებ არსებული ინფორმაციები სხვადასხვა საქმეებთან კავშირში, სისხლის სამართლებრივი დევნის შემთხვევები და სხვა. თუმცა, ასეთი ინფორმაციების შეფასება, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, სადაც ეს უმთავრესად შაბლონურ და ზედაპირულ ხასიათს ატარებს, არ ხდება.

შეფასებების შაბლონურობასთან ერთად, თავს იჩენს მისი არათანმიმდევრულობის პრობლემაც. კერძოდ, როგორც გამოჩნდა, შემფასებლები ხშირად მსგავსი დასაბუთების პირობებში, არსებითად განსხვავებულ ქულებს უწერდნენ სხვადასხვა კანდიდატებს.

გარდა ამისა, რიგ შემთხვევებში ფაქტობრივად შეუძლებელია რაიმე მწყობრი ლოგიკის დანახვა, თუ რის მიხედვით იწერება კონკრეტულ კრიტერიუმში შესაბამისი ქულები. მაგალითისთვის, „წერით კომპონენტში“ დაწერილი მაქსიმალური და მასზე ნაკლები ქულები უმრავლესად ერთნაირ [შაბლონურ] არგუმენტაციას ეფუძნებოდა. კერძოდ, შემფასებლების მხრიდან არ იყო გამოთქმული კრიტიკული პოზიციები ან შენიშვნები, თუმცა დაწერილი ქულები მაინც არსებითად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან.

ანალოგიურად, ცხადი იყო არათანმიმდევრულობა საპროცესო ვადების დაცვის მაჩვენებლების შეფასებაში, რომელიც განსხვავებულ ქულებში აისახებოდა.

  როგორც წესი, შეფასებებში ასევე არ არის გამოკვეთილი კანდიდატებს შორის სამართლებრივი ცოდნისა და არგუმენტაციის იმ დონის სხვაობები, რაც მათ მიმართ არსებითად განსხვავებული ქულების დაწერას გაამართლებდა. მთლიანობაში, არაერთი შემთხვევა იყო ისეთი, როცა კრიტიკული შეფასება არც ერთ კომპონენტში დაფიქსირებული არ იყო, მაგრამ კანდიდატს შესამჩნევად დაბალი ქულები ეწერა - ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მოსამართლეობის ბევრი კანდიდატის კომპეტენცია კითხვის ნიშნის ქვეშ არის.

უნდა ითქვას, რომ ეს საკითხი მჭიდროდ არის დაკავშირებული თავად შეფასების კრიტერიუმების შინაარსთან და იმასთან, თუ როგორ უყურებენ მათ თავად შემფასებლები. მაგალითისთვის, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს აკადემიური მიღწევებისა და პროფესიული აქტივობის კომპონენტებთან მიმართებით არსებული მიდგომები. შეფასებების გაცნობით ფაქტობრივად გაუგებარი დარჩა, კონკრეტულად რა ტიპისა და მოცულობის აკადემიური და პროფესიული მიღწევები უნდა ჩაითვალოს შესაფერისად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატისთვის. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია იმ ფონზე, როცა მაგალითად, შერჩეული კანდიდატებიდან ნაწილს არც ერთი სამეცნიერო სტატია ან პუბლიკაცია არ აქვს გამოქვეყნებული.

შესწავლილი შეფასებებიდან გამოჩნდა, რომ კანდიდატის შესახებ ინფორმაციის მოძიების წყაროები არასისტემურია, საბჭოს წევრები კი ფაქტობრივად არ იჩენენ ძალისხმევას, რომ სათანადო ინფორმაციის მოკვლევით შექმნან კანდიდატის ბიოგრაფიის ამომწურავი და სრულყოფილი სურათი. გაურკვეველია, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიერ ფაქტების მოძიების რა მექანიზმები გამოიყენება. მაგალითისათვის, შემფასებლები უთითებენ კანდიდატის შესახებ რესპონდენტთა (გარდა რეკომენდატორებისა) გამოკითხვაზე, თუმცა უცნობია ვინ არიან აღნიშნული პირები და რა მეთოდოლოგიით ხდება მათი გამოკითხვა. ასევე, კანდიდატების კომპეტენტურობაზე მსჯელობისას, გამოყენებულია იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს შეფასებები.

ამ შემთხვევაშიც არ ჩანს, რამდენად ექცევა ყურადღება, თუ როდის არის დამოუკიდებელი საბჭოს შეფასებები მომზადებული და რამდენად აქვს კანდიდატს იგივე პროფესიული გამოწვევები ან/და უპირატესობები, რაზეც მოცემულ შეფასებაშია საუბარი - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" რეკომენდაციას აძლევს საქართველოს ხელისუფლებას, მოსამართლეთა შერჩევის პროცესში ჩართულთა წრე გააფართოვოს.

მართლმსაჯულების სისტემაში რადიკალური ცვლილებების დაწყების გარეშე, ნებისმიერი შემდგომი პროცესი ამ წრისგან თავის დაღწევის გამორიცხვას ემსახურება. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატთა კონკურსის ხარვეზიანად და უსამართლოდ წარმართვის პირობებში, აუცილებელია: საქართველოს პარლამენტმა კანდიდატების უზენაეს სასამართლოში განწესების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღოს საპარლამენტო ოპოზიციასთან პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე -ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები