ვინ არის იოსებ მჭედლიშვილი და რა აკავშირებს ქოლცენტრებთან - "პირველებმა" ახალი გარემოებები დაადგინა

02.02.24 17:04
ვინ არის იოსებ მჭედლიშვილი და რა აკავშირებს ქოლცენტრებთან - "პირველებმა" ახალი გარემოებები დაადგინა

ვინ დგას თაღლითური ქოლცენტების უკან - "პირველებმა" ახალი გარემოებები დაადგინა. ირკვევა, რომ ფიქტიური მფლობელის სახელზე გაფორმებულ კომპანიებს, იოსებ მჭედლიშვილი მართავდა. 

შენობაში მომუშავე პირები პირად საუბრებში "პირველებს" უყვებიან, რომ მჭედლიშვილს ადგილზე ხშირად ხედავდნენ.

ქოლცენტრებს თავდაპირველად 10 ოფისი ჰქონდა და ბოლოს ორამდე ჩამოვიდა. ვინ არის მჭედლიშვილი? მისი რეგისტრაციის მისამართზე გვიდასტურებენ, რომ ის ყოფილი ძალოვანია. "პირველებს" კი უყვებიან, რომ ის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის და ირაკლი ღარიბაშვილის კახური კლანის წევრის ალექსანდრე ჭიკაიძის ნდობით აღჭურვილი პირია. 

გაქირავებული აქვთ, სხვაგან აქვს სახლი. პოლიციაში მუშაობდა, მეტი არაფერი ვიცი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ალბათ, ზუსტად არ ვიცი. მამამ იყიდა ეს სახლი. ვიცი, რომ იყო პოლიციელი," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

სულ დაკავებულია, სულ მუშაობს, სამხედრო პირია, მე მგონი. ფორმაში იყო და რა ფორმაა ნამდვილად ვერ გეტყვით," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

კომპანია შპს ოთო და ბიჭები, სადაც გუშინ რამდენიმე საათი სპეცოპერაცია მიმდინარეობდა და მობილურები და კომპიუტერული ტექნიკა გაიტანეს სამართალდამცავებმა, ეკუთვნის ოთარ ხიზამბარელს, რომელიც კასპში იოსებ მჭედლიშვილის მეზობელია. "პირველები" მისი ოჯახის წევრებს ესაუბრა და გაარკვია, რომ სამართალდამცველები ხიზამბარელით არ დაინტერესებულან, რადგან მას კავშირი კომპანიასთან არ აქვს. ხიზამბარელის დედა არ გამორიცხავს, რომ მისი შვილის სახელით სხვებს ესარგებლად.

არაფერს (ფლობს) ჯერჯერობით არ მუშაობს. ეგეთ რამეებში არა. ჯარი მოიარა ბავშვმა, მუშად დადის ხოლმე. დილას წავიდა ექიმთან. ამხანაგები ჰყავს, მაგრამ ყველას არ ვიცნობ - ისეთი ჭკვიანი და წყნარი ბიჭია, რომ შეიძლება იყენებენ კიდეც,“ - ამბობს დედა.

დალუქული ოფისები, მრავალსაათიანი გამოკითხვები და არცერთი დაკავებული - ამ შედეგით დასრულდა სპეცოპერაციების პირველი სერია თბილისში. ქალაქის მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე ფინანსური პოლიცია და პროკურატურა საგამოძიებო მოქმედებებს გვიან ღამემდე ატარებდნენ. არსებობს ეჭვი, რომ საქართველოში ტრანსნაციონალური დანაშაული ხდებოდა და საქმე თაღლითურ ქოლცენტრებს ეხება.