"ოცნების" ე.წ. გეგმებში არცერთი სიტყვა არ წერია იმაზე, როგორ პასუხობს EU-ს რეკომენდაციებს მათი ე.წ. რეფორმა - ნაცვლიშვილი
"ქართული ოცნების ე.წ. გეგმებში არაფერი, არცერთი სიტყვა არ წერია იმაზე, როგორ პასუხობს ევროკავშირის რეკომენდაციებს მათი ე.წ. რეფორმა," - ამ განცხადებას "ლელოს" დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი აკეთებს.
ნაცვლიშვილი ევროკავშირის ელჩის მორიგ მოწოდებას ეხმაურება, სადაც ჰერჩინსკიმ ხელისუფლებას სასამართლო რეფორმის გატარებისკენ მოუწოდა.
როგორც ანა ნაცვლიშვილი ამბობს, არცერთი რეკომენდაცია, რომელიც ხელისუფლებამ პარტნიორებისგან მიიღო, არ გაუთვალისწინებიათ.
როგორც ვენეციის კომისია, ასევე ევროკავშირის დასკვნა ცალსახად საუბრობს იმაზე, რომ სასამართლოში მთავარი პრობლემა არის იუსტიციის საბჭო ანუ სისტემის კლანური მმართველობა, შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, ისევე როგორც პროკურატურის ფუნდამენტური რეფორმა, ეს არის როგორც ვენეციის კომისიის, ასევე ევროკავშირის მხრიდან ხაზგასმული. ქართული ოცნების ე.წ. გეგმებში არაფერი, არცერთი სიტყვა არ წერია იმაზე, როგორ პასუხობს ევროკავშირის რეკომენდაციებს მათი ე.წ. რეფორმა. ისევე, როგორც დეოლიგარქიზაციის ე.წ. გეგმაში ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი, დღეს რომ „რუსი ოლიოგარქი მართავს ამ ქვეყანას“ - ვციტირებ ევროპარლამენტს, ეს რუსი ოლიგარქი სად მიდის, ამაზე არაფერი არ წერია ქართული ოცნების ე.წ. გეგმაში, შესაბამისად, მათი გეგმა არ არის რეფორმების განხორციელება. ერთადერთი გეგმა, რომელიც ქართულ ოცნებას დღეს აქვს, არის, როგორ დააბრუნოს ეს ქვეყანა საბოლოოდ რუსულ ორბიტაზე,“ - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.