აპროტესტებდნენ წაუკითხავ კანონს - კობახიძე მარტის აქციების მონაწილეებზე
რატომ გაიწვია პარლამენტმა ე.წ. რუსული კანონი უკან - ირაკლი კობახიძე მიზეზს კიდევ ერთხელ ხსნის და მარტის აქციის მონაწილეებს მწვავედ აკრიტიკებს. როგორც პრემიერობის კანდიდატი ამბობს, კანონი გაიწვიეს რამდენიმე მიზეზის გამო, ერთ-ერთ მიზეზად კი აქციის მონაწილეების პოზიციის გათვალისწინებას ასახელებს.
კობახიძე აქციის მონაწილეებზე, რომლებმაც რუსული კანონის მიღების მცდელობა გააპროტესტეს, რასაც მოჰყვა მათი ძალისმიერი დარბევა, ამბობს, რომ ისინი შეცდომაში არიან შეყვანილები და რომ მათ კანონის რეალური შინაარსი არ იციან.
სხვადასხვა მიზეზის გამო ჯერ გაწვეული იქნა ეს კანონი, ანგარიში გავუწიეთ ჩვენ თუნდაც იმ ადამიანებს, რომლებიც შეცდომაში იყვნენ შეყვანილები, აპროტესტებდნენ წაუკითხავ კანონს, განსხვავებით ანა ნაცვლიშვილისგან - მას წაკითხული აქვს და იტყუება, მაგრამ აქ ადამიანები წაუკითხავ კანონს აპროტესტებდნენ, ჩვენ ანგარიში უნდა გავუწიოთ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, მათ შორის იმ მოქალაქესაც, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი, ეს იყო ჩვენი მიდგომა, როდესაც ეს კანონი გავიწვიეთ და ამ მიდგომით მომავალშიც გავაგრძელებთ მოქმედებას და ამის გამოხატულებაა ის, რომ არ ვუბრუნდებით ამ კანონს,“ - ამბობს კობახიძე.
პარლამენტმა “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ რუსული კანონი მეორე მოსმენაზე ჩააგდო.
მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ისინი ჯერ „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი საქმიანობაც აუკრძალეს.
კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი.
მმართველი გუნდის ამ ნაბიჯს საქართველოს მრავალი მოქალაქის პროტესტი და მასშტაბური დემონსტრაციები მოჰყვა. 7-8 მარტს, მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ, ხელისუფლებამ გამოიყენა ფიზიკური ძალა, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი.
8-9 მარტის ღამეს, რუსთაველზე აქციის დაშლის შემდეგ სპეცრაზმმა აქციის მონაწილეებს მიმდებარე ქუჩებზე დილამდე სდია და აკავებდა მათ.
ორდღიანი საპროტესტო აქციებისა და წინააღმდეგობის შემდეგ ხელისუფლებამ თქვა, რომ გაიწვევს რუსულ კანონს, რომელიც ქვეყანაში სამოქალაქო სექტორსა და მედიას ზღუდავს.