შსს-ს თანამშრომელი ქვეითს დაეჯახა და მიატოვა, კაცი გარდაიცვალა - პროკურატურის განცხადება
ავტოსაგზაო შემთხვევა დუშეთში, რომელსაც ქვეითი ემსხვერპლა - პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებულია ერთი პირი.
როგორც პროკურატურის განცხადებიდან ირკვევა, შსს-ს თანამშრომელი დაეჯახა ქვეითს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. უწყებაში ამბობენ, რომ მძღოლმა მიატოვა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი პირი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ღამის საათებში, ქალაქ დუშეთის შესასვლელთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა თ.ბ.-მ, რომელიც მის საკუთრებაში არსებულ ავტომობილს მართავდა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა და დაეჯახა ქვეითს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდგომ, ავტომობილის მძღოლმა მიატოვა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი პირი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
თ.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით (განსაცდელში მიტოვება) წარედგინება.
პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს," - წერია განცხადებაში.
ავტოსაგზაო შემთხვევა დუშეთში, რომელიც მსხვერპლით დასრულდა. გარდაცვლილია 42 წლის მამაკაცი. ფეხით მოსიარულე მამაკაცს, სავარაუდოდ, შსს სამინისტროს ბადრაგირების სამსახურის თანამშრომელი, თამაზ ბრაჭული მანქანით დაეჯახა.