კობახიძე სტიქიაზე: შეფასდა ზარალი, ვემზადებით დაზარალებულ ოჯახებზე კომპენსაციების გასაცემად

12.02.24 12:04
კობახიძე სტიქიაზე: შეფასდა ზარალი, ვემზადებით დაზარალებულ ოჯახებზე კომპენსაციების გასაცემად

პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახიებისთვის კომპენსაციების გადაცემა იგეგმება და ახლა შესაბამისი დოკუმენტაცია მზადდება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გასული კვირა იყო ძალიან მტკივნეული ჩვენთვის. სტიქიამ, ასევე უბედურმა შემთხვევამ, იმსხვერპლა 14 ადამიანის სიცოცხლე, კიდევ ერთხელ გამოვთქვამ სამძიმარს დაღუპულთა ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ. 

ადგილზე გავეცანი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს და მინდა აღვნიშნო, რომ, როგორც სახელმწიფო უწყებებმა, ისე ადგილობრივი ხელისუფლების წამრომადგენლებმა გააკეთეს ძალიან ბევრი რამ, იმოქმედეს ძალიან სწრაფად. ძალიან მალე აღდგა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდება, ასეულობით სოფლისთვის, სადაც იყო პრობლემა სტიქიის გამო. ასევე, ძალიან სწრაფად გაიწმინდა საავტომობილო გზები. 

400-ზე მეტი სახლი იყო დატბორილი, საიდანაც 300-ზე მეტ შემთხვევაში დასრულდა ამოტუმბვის სამუშაოები. საბოლოო დასკვნის მომზადებამდე უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 296 ოჯახი. 

ასევე შეფასდა ზარალი, მზადდება სათანადო დოკუმენტაცია იმისათვის, რომ გაიცეს კომპენსაცია, ანაზღაურება შესაბამის ოჯახებზე, საჭიროების შემთხვევაში ამისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდანაც იქნება გამოყოფილი თანხები," - ამბობს კობახიძე.

ქედაში, სტიქიის ზონაში ჩასული ირაკლი კობახიძე დაზარალებულ მოსახლეობას არ შეხვდა - ადგილობრივების თქმით, ახლადდანიშნულმა პრემიერმა მაღალმთიანი აჭარა ისე დატოვა, რომ ხულოში, რომელიც ასევე სტიქიის ეპიცენტრია, არც კი ჩასულა. ქედის მაცხოვრებლები "პირველებს" უყვებიან, რომ ქედაში პრემიერის ჩასვლა ვერც კი იგრძნეს, რადგან მეწყრულმა პროცესებმა არაერთი სახლი გაანადგურა, თუმცა ამასთან დაკავშირებით კობახიძეს არანაირი რეაგირება არ მოუხდენია.

 

მსგავსი სიახლეები