რამდენად რეალურია კობახიძის დაპირება განკარგულებების გასაჯაროებასთან დაკავშირებით - რა მაგალითები მოჰყავს კლდიაშვილს
მთავრობის განკარგულებების გასაჯაროებასთან დაკავშირებით პრემიერ ირაკლი კობახიძის ინიციატივას IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კლდიაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც კლდიაშვილი წერს, კარგია, რომ პრემიერი და მთავრობის წევრები მზაობას გამოხატავენ გადაწყვეტილებების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. თუმცა რამდენად რეალური იქნება კობახიძის პირობა, ამასთან დაკავშირებით კლდიაშვილს კითხვები აქვს, რადგან ირაკლი კობახიძე, რომელიც პრემიერობამდე პარლამენტში იყო, არ ჰქონია რეაგირება საკანონმდებლო ორგანოში "ინფორმაციის გაცემის სტატისტიკის სერიოზულ ვარდნაზე".
გარდა ამისა, როგორც კლდიაშვილი წერს, კვლავ მინისტრად რჩება თეა წულუკიანი, რომელიც ბლოკავდა საჯარო ინფორმაციის გაცემას როგორც იუსტიციის, ასევე კულტურის სამინისტროებში.
ახლადდანიშნული ბატონი პრემიერ მინისტრის, მთავრობის წევრების და პარლამენტარი ოცნების ლიდერების ამგვარი დეკლარირებული მზაობა, რომ მთავრობა იყოს უპრცედენტოდ გამჭვირვალე და ანგარიშვალებული მოქალაქეების მიმართ მისასალმებელია.
მაგრამ, მაშინ, როდესაც პარლამენტი უნდა ზედამხედველობდეს მთავრობს საქმიანობა, მიუხედავად არაერთი ჩვენი ანგარიშისა, რომელიც გამოქვეყნებული გვქონდა ინფორმაციის ღიაობის მიმართულებით არსებულ პრობლემებზე, საჯარო ინფორმაციის გაცემის სტატისტიკის სერიოზულ ვარდნაზე ბოლო წლებში, პარლამენტს, მათ შორის ოცნების ლიდერ ბატონ ირაკლი კობახიძეს არცერთხელ არ განუხილავს ეს საკითხი პარლამენტში.
ასევე, პრემიერი კვლავ სამთავრობო გუნდში ტოვებს მინისტრს (ქალბატონ თე აწულუკიანს), რომელიც იყო ინიცატორი ინფორმაციის ჩაკეტვისა და წლების განმავლობაში ბლოკავდა საჯარო ინფორმაციის გაცემას როგორც იუსტიციის სამინისტროს სისტემაში (რის გამოც, საქართველოს სახალხო დამცველის მოთხოვნის საფუძველზე, პირადად თეა წულუკიანი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო - რაც სირცხვიალია, სულ მცირე), ასევე კულტურის სამინისტროს სისტემაში.
2014 წლიდან არსებობს ინფორმაციის თავისუფლების კანონის პროექტი, რომელიც შეიქმნა სამოქალაქო საზოგადოების, ექსპერტების და იუსტიციის სამინისტროს მიერ და ინახება მთავრობის ადმინისტრაციაში. თუ სურვიალი არსებობს გაუმჯობესდეს ინფორმაციის თავისუფლების რეგულაცია საქართველოში, საჭიროა მისი პარლამტში ინცირება.
ვნახოთ, ამის პოლიტიკური ნება თუ არარსებობს.
რაც შეეხება მთავრობის განკარგულებების ხელმისაწვდომობის საკითხს. აქ მოგიყვანთ #IDFI მიერ საქართველოს მთავრობის განკარგულებების მოთხოვნის ქრონოლოგიას (საუბარი არ არის განკარგულებების გამოქვეყნებაზე, მოთხოვნილია განკარგულებები, როგორც საჯარო ინფორმაცია):
ინფორმაციის მოთხოვნის წერილი: 11 სექტემბერი, 2020
ადმინისტრაციული საჩივარი: 23 ოქტომბერი, 2020
სარჩელის შეტანა პირველი ინსტანციის სასამართლოში: 21 დეკემბერი, 2020
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება: 19 მაისი, 2023 - უარი ინფორმაციის გაცემის მოთხოვნაზე
აპელაციით მიმართვა ზედა ინსტანციის სასამართლოს: 11 ნოემბერი, 2023.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება: 30 იანვარი, 2024 - უარი ინფორმაციის გაცემის მოთხოვნაზე
დანარჩენი, რამდენად გულწრფელია პრემიერ მინისტრის ეს განცხდება, თქვენ განსაჯეთ," - წერს კლდიაშვილი.