დიახ, „ქართულ ოცნებას“ (რუსეთთან) პრაგმატული პოლიტიკა აქვს - მამუკა მდინარაძე
"ოცნების" ქება მოსკოვიდან - ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებასთან დაკავშირებით საუბრობს და ამბობს, რომ მმართველ პარტიას "რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკა აქვს".
მამუკა მდინარაძემ დღეს ქართველ ჟურნალისტებს უსაყვედურა და თქვა, რომ ისინი "რუსულ პრესას არიან ჩაბჟირებულები":
დღე და ღამე გადართულები ხართ, რუსული პრესა რას იტყვის. ჩაბჟირებულები ხართ რუსულ პრესას და დღე და ღამე ეცნობით, იქნებ რაიმე ისეთი წამოსცდეთ - ნარატივი გაქვთ ასეთი, (როგორც გახარიას აქვს ნარატივი, რომ ჩვენ ხმები უნდა მოგვაკლოს) რომ რუსული დაგვაბრალოთ რაღაც- თქვა მდინარაძემ კითხვის საპასუხოდ.
მისივე მტკიცებით, მედიის ნაწილს ერთადერთი მიზნით აინტერესებს რუსების განცხადებები, რომ "ქართული ოცნება" დააზიანონ.
...მეორე შემთხვევაში თუ რაღაცას იტყვიან სიმართლეს - პრაგმატული პოლიტიკა აქვს „ქართულ ოცნებას“ - დიახ, აქვს"- ამბობს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ გალუზინმა განაცხადა, რომ რუსეთი, დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებშიც, აპირებს საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზაციის ხელშეწყობა გააგრძელოს.