როცა გავრილოვის მასპინძელი კობახიძე პრემიერია, ეს ბუნებრივია, მისასალმებელია კრემლისთვის - თეონა აქუბარდია
იმ მოცემულობაში როცა გავრილოვის მასპინძელი კობახიძე არის პრემიერ-მინისტრი, ბუნებრივია, ეს მისასალმებელია კრემლისთვის, აქ მთავარი პრობლემაა არა ის, თუ როგორ შეაფასებს გალუზინი საქართველოს მთავრობას, არამედ ის, თუ რა ტიპის საგარეო პოლიტიკა აქვს საქართველოს, - ამის შესახებ თეონა აქუბარდიამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიხეილ გალუზინის განცხადების კომენტირებიოსას ისაუბრა.
აქუბარდიას თქმით, პრობლემაა, როცა ხელისუფლება დუმს ისეთ ფაქტებთან დაკავშირებით, როგორიცაა თამაზ გინტურის მკვლელობა და ანექსიური პროცესები აფხაზეთში.
„ აბსოლუტურად არაადეკვატურია პარლამენტის დუმილი იქნება ეს თამაზ გინტურის მკვლელობა, ანექსიური პროცესები თუ რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენება, მათ შორის ანტიდასავლური დეზინფორმაციის და პროპაგანდის სახით, რომელსაც არათუ ებრძვის ხელისუფლება, არამედ ხშირად რუპორია ამ პროპაგანდის,"- განაცხადა აქუბარდიამ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ გალუზინმა განაცხადა, რომ რუსეთი, დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებშიც, აპირებს საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზაციის ხელშეწყობა გააგრძელოს.