ბურჭულაძესთან ერთად, მისი წიწილებიც გამოსაყრელია - სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები ახალ მინისტრს მტკიცებულებებს მიაწვდიან

12.02.24 17:28
ბურჭულაძესთან ერთად, მისი წიწილებიც გამოსაყრელია - სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები ახალ მინისტრს მტკიცებულებებს მიაწვდიან

თავდაცვის სამინისტროს  ყოფილი თანამშრომლები მზად არიან ირაკლი ჩიქოვანს სავარაუდო კორუფციულ დანაშაულებზე ინფორმაცია მიაწოდონ. 

საუბარია იმ სკანდალურ ფაქტებსა  და გადაცდომებზე, რომელიც  ჯუანშერ ბურჭულაძის მინისტრობის დროს ხდებოდა და რომლის შესახებაც პირველად საზოგადოებამ "შაბათის ეთერის" ჟურნალისტური გამოძიებიდან გაიგო. 

სტანდარტისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლები, ვინც წლების განმავლობაში ამოწმებდნენ ჯარისკაცებისთვის განკუთვნილი ტანსაცმლის და საკვების  ხარისხს ჩიქოვანთან მტკიცებულებებით მიივლენ  და მოუყვებიან,  როგორ აიძულებდნენ სამინისტროში ყალბი დასკვნების დაწერას,  უვარგის პროდუქტზე,  ხარისხის ნიშნის  მინიჭებას.

თეა კუჭუხიძე და დალი ჭელიძე, რომლებიც ახლა სასამართლოში იბრძვიან სამსახურში აღსადგენად, "პირველებთან" ამბობენ, რომ მათი ადვოკატები ახალ თავდაცვის მინისტრს უახლოეს საათებში მიმართავენ. 

"შევხვდები თავდაცვის მინისტრს, ავუხსნი, ჩემს პერიოდში რა დარღვევები იყო, რა დარღვევებით მომიცილა ირმა მამულაშვილმა და ბურჭულაძემ სამინისტროდან. 
დანაშაული, რომელიც მათ ჩაიდინეს, ეს იყო შეგნებული. ეს არ იყო თევზი, ეს იყო ლეში, მეტლბდასეული ლეში. როგორც მოაშორეს იქიდან ჯუანშერ ბურჭულაძე, ისე მისი წიწილებიც იქიდან გამოსაყრელია და შესაყრელია ყველა ციხეში" - აცხადებს თეა კუჭუხიძე.

სავარაუდო კორუფციაზე საუბრობს ჯუანშერ ბურჭულაძის მიერ გათავისუფლებული კიდევ ერთი თანამშრომელი, დალი ჭელიძეც. 

არ მაპატიეს ის, რომ მათი დავალებები არ შევასრულე. დავწერე დაწუნების აქტები, ძალიან დიდი შენიშვნები მქონდა "დელტა ტექსტილთან" , ვთვლი, რომ სავარაუდო კორუფციას ჰქონდა ადგილი, სადაც გახვეული იყო აზარაშვილიც და ბურჭულაძე თავისთავად. მე დასამალი არაფერი მაქვს, ახალ მინისტრს ყველაფერს მოვუყვები"- თქვა მან. 

თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან სისტემის მხილებასთან დაკავშირებით ინფორმაცია "შაბათის ეთერმა" გაასაჯაროვა. "ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მატლებდასეულ თევზს დაზიანებული ნაწილები მოჭრეს, შემდეგ მოამზადეს და ასე გაიტანეს ჯარისკაცების საკვებად. 

ამასთან, თავდაცვის სამინისტროს კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომელი დალი ჭელიძე კი "შაბათის ეთერთან" ყვება რომ წუნდებული აქტი „დელტა ტექსტილში“ შეკერილი ტანსაცმლისა და თეთრეულის გამო შეადგინა.

  • ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტრო ჯარისკაცების ამუნიციას,  სწორედ "დელტა ტექსტილს" უკვეთავს. საუბარია, სამხედროების მაისურებზე, საწვიმრებზე, ფეხსაცმელსა და ზურგჩანთებზე.

"შაბათის ეთერის" რესპონდენტი, რომლის ხელშიც არაერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი გადიოდა, ამტკიცებდა, რომ სამინისტრო ჯარისკაცის მაისურში 4 ლარსა 80 თეთრს იხდიდა, ახლა კი დელტა ტექსტილისგან 18 ლარად ყიდულობს. 28 ლარიან საწვიმარში კი 89 ლარს იხდის. თუმცა მისივე მტკიცებით, ფასის ზრდა ხარისხის ხარჯზე არ მომხდარა. რესპონდენტი, რომელსაც "დელტს" პროდუქციასთან პირდაპირი შეხება ჰქონდა, ირწმუნება, რომ პროდუქცია იმაზე უარესია, ვიდრე იყო.

  • კომპრომისები არ იქნება, ყველაფერს შევისწავლით - ეს განცხადება კი თავდაცვის მინისტრმა დღეს გააკეთა. ირაკლი ჩიქოვანი აანონსებს, რომ მისი წინამორბედის დროს აგორებულ კორუფციულ სკანდალებს და ჯარის ფულის სავარაუდო ფლანგვას შეისწავლის. ირაკლი ჩიქოვანმა თქვა, რომ პოსტზე მისი პრიორიტეტი ჯარისკაცები იქნებიან და არც კვების და არც უზრუნველყოფის სხვა ნაწილში კომპრომისი არ იქნება.

მსგავსი სიახლეები