ფაქტებით ვიტყვით, ვინ დგას ე.წ. ციანიდის საქმის უკან - მამალაძეები მხილების სერიას აანონსებენ

15.02.24 11:34
ფაქტებით ვიტყვით, ვინ დგას ე.წ. ციანიდის საქმის უკან - მამალაძეები მხილების სერიას აანონსებენ

ე.წ. ციანიდის საუკუნის საქმე შესაძლოა, თავდაყირა დადგეს - საპატიმროდან გათავისუფლებული დეკანოზი სიმართლისთვის ბრძოლას აანონსებს, მისი ძმა, თორნიკე მამალაძე კი  მედიას ეუბნება, რომ ყველა იმ დეტალზე ფაქტებით და მტკიცებულებებით ისაუბრებენ, რომელიც საზოგადოებამ ამ დრომდე არ იცის. 

თორნიკე მამალაძის თქმით, დეკანოზი საზოგადოებას ეტყვის, თუ ვინ დგას საუკუნის საქმის უკან: 

მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდება, საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, თუ ვინ დგას ამ საქმის უკან რეალურად. ეს არ იქნება უბრალოდ საუბრები, ეს იქნება ფაქტებზე დაყრდნობილი ინფორმაცია. ჩემს ძმას უკვე იურიდიულადაც აქვს უფლება, ის ფაქტები რაც სასამართლომ დახურა და საზოგადოებამ არ იცის, უფლება აქვს ისაუბროს. ყველა იმ კითხვას, რაც საზოგადოებაში ტრიალებს მათ პასუხი აუცილებდად გაეცემათ" - ამბობს თორნიკე მამალაძე. 

თორნიკე მამალაძის თქმით, დეკანოზი პატიმრობიდან ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა. მისი თქმით, კომისიას გასული წლის ნოემბერში მიმართეს. 

"პირველები" დეკანოზის ადვოკატს, გიორგი ფანცულაიასაც ესაუბრა. უფლებადამცველი სამწუხაროს უწოდებს ფაქტს, რომ სასულიერო პირი არცერთმა პრეზიდენტმა არ შეიწყალა. 

რაც შეეხება მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ადვოკატმა მისი საზღვარგარეთ გადაყვანა არ გამორიცხა. 

ამასთან, ფანცულაიამ ე.წ. ციანიდის საქმეზე საუბრისას აღნიშნა, რომ დეკანოზი დიდ ინტრიგნულ თამაშებს შეეწირა. 

რაც არ უნდა ტრაგიკულად ჟღერდეს, მისი პატიმრიბის 7 წლის თავზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილება გამოტანილი... სტრასბურის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში არ არის დასრულებული ყველა სამართლებრივი პროცედურა.

ამ საქმეში გიორგი მამალაძე არ იყო მხოლოდ ის პირი, ვის გამოც მოხდა ეს ყოველივე. ბევრად უფრო დიდი საქმე იყო, მაგრამ სამწუხაროდ, უდანაშაულო ადამიანი ემსხვერპლა ამ დიდ ინტრიგნულ თამაშებს"  - ამბობს ადვოკატი. 

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაცია "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" განმარტავს, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე გასამართლებული გიორგი მამალაძის გათავისუფლების საფუძველი გახდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და საპატრიარქოს მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის თანხმობა მსჯავრდებულისთვის შეღავათების გამოყენებაზე.

განცხადების თანახმად, ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში გიორგი მამალაძე იცავდა დაწესებულების მოთხოვნებს, ხასიათდებოდა დადებითად, არ იყო კონფლიქტური და დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებული სამომავლო რისკ-ფაქტორები არ იკვეთებოდა.

ასევე, საბჭომ მხედველობაში მიიღო მამალაძის საყურადღებო ჯანმრთელობის მდგომარეობა, რის გამოც მიზანშეწონილად მიიჩნია მსჯავრდებულის ვადამდე ადრე გათავისუფლება. ამასთან, საბჭომ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ მამალაძის საქმეში დაზარალებულად ცნობილი პირი (შორენა თეთრუაშვილი) თანხმობას აცხადებდა მსჯავრდებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენებაზე", - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები