თუ ჩაგვტოვებენ რუსულ ჭაობში, ნახავთ ისეთ კარცერებს, როგორიც ნავალნისთვის იყო გამზადებული - ჩიხრაძე
"მდინარაძე იქნება, კობახიძე თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი ივანიშვილის მეთაურობით ჩაგვტოვებენ ჩვენ რუსულ ჭაობში, ხვალ და ზეგ ნახავთ ისეთ კარცერებს, როგორი კარცერებიც სამწუხაროდ, ნავალნისთვის იყო გამზადებული," - ამ განცხადებას "ლელოს" წევრი ფიქრია ჩიხრაძე "დღის ამბებთან" აკეთებს.
როგორც ჩიხრაძე ამბობს, მდინარაძის დღევანდელი განცხადება ნავალნის სიკვდილთან დაკავშირებით, აჩვენებს, რომ "ხელისუფლება ლპობის გზაზეა დამდგარი".
მინდა გამოვეხმაურო ბატონი მდინარაძის კომენტარს და მინდა ვუთხრა მას, რომ როდესაც ლპება ხელისუფლება, ის შეიძლება ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, რომ ყველანაირ წარმოუდგენელ თუ წარმოდგენილ ზღვარს გადააბიჯოს. ქართული ოცნების ხელისუფლება არის ასეთი ლპობის გზაზე დამდგარი, ამიტომ ქართული საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ამოცანა არის, რომ ეს ხელისუფლება შეცვალოს.
რაც შეეხება წინა ხელისუფლების დროს ციხეებში არსებულ მდგომარეობას, ეს იყო ძალიან მძიმე, მე ამ ვითარების წინააღმდეგ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვიბრძოდი და ბევრი ადამიანი მახსოვს ამ ბრძოლაში, არ მახსოვს ბატონი მდინარაძე, არ მგონია, რომ სკოლის მოწაფე იყო მაშინ, რომ ამ ყველაფერზე ხმა ამოეღო და არც მდინარაძისა არცერთი თანამებრძოლი, ის შეზრდილი იყო ენმ-სთან, უპირველეს ყოვლისა, ბიძინა ივანიშვილი იყო შეზრდილი...
თუ მამუკა მდინარაძე იქნება, ირაკლი კობახიძე იქნება თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით ჩაგვტოვებენ ჩვენ რუსულ ჭაობში, ხვალ და ზეგ ნახავთ ისეთ კარცერებს, როგორი კარცერებიც სამწუხაროდ, ნავალნისთვის და სხვა რუსი ოპოზიციონერებისთვის იყო გამზადებული,“ - ამბობს ფიქრია ჩიხრაძე.