კერძო მოგზაურობის შინაარსი ჩემთვის უინტერესოა - "ოცნება" ორი პრეზიდენტის შეხვედრაზე
ზურაბიშვილის და ზელენსკის ერთმა შეხვედრა - "ქართული ოცნება" თავდასხმის რეჟიმზე გადავიდა. უპირისპირდებიან საქართველოს პრეზიდენტს და საყვედურობენ ომში მყოფი ქვეყნის ლიდერსაც.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, საგანგებო მისიით ჩაფრენილ ზურაბიშვილს "ოცნებამ" შავი კამპანია აუგორა. ისე რომ მთავარსარდალს ჯერ არაფერი უთქვამს, ხელისუფლებამ მისი გამოსვლის გაუფასურება ბოლომდე გადაწყვიტა.
ეს გახლავთ ქალბატონი სალომეს კერძო მოგზაურობა. კერძო მოგზაურობის შინაარსი ჩემთვის უინტერესოა", - ამბობს პაპუაშვილი.
ომის დაწყების შემდეგ, ორი ქვეყნის პრეზიდენტს შორის გამართული რამდენიმეწუთიანი აუდიენციის გამო, "ოცნებამ" ზელენსკის ძველი, პირადი წყენებიც გაახსენა.
ძალიან სამწუხაროა, რომ უკრაინა, ჩვენი მეგობარი ქვეყანა, ჩვენი მეგობარი ხალხი ასეთ მძიმე მდგომარეობაშია ჩავარდნილი ამ ინტერვენციის გამო. ჩვენ გვერდით ვედექით მათ ყოველთვის პოლიტიკურადაც. ჰუმანიტარული დახმარება ჩვენი არის ძალიან მნიშვნელოვანი და თვალსაჩინო, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, რომ ზელენსკი თავის პოზიციას არ იცვლის და ელჩი გაიწვია იმისთვის, რომ საქართველო საომარ პროცესებში არ ჩაერთო. ჩვენი ელჩი გამოაგდო მაშინ, როდესაც იგი ვაჟკაცურად სახელმწიფოს წარმოადგენდა ურთულეს პერიოდში. ამ ადამიანს რომ ხვდები გარკვეული საყვედურითაც შეიძლება, რომ მიმართო, რომ საქართველოს ეს დამოკიდებულება არ ეკუთვნის, მითუმეტეს არ ეკუთვნის მუდმივი მოთხოვნა, რომ საქართველო ჩართული იქნეს საომარ მოქმედებებში. დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე ლაპარაკი არ ექნებოდა ზელენსკისთან და კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ არავითარი მოლოდინი, რომ რაიმე პოზიტიური საუბარი იმასთან დაკავშირებით, ქვეყნის მომავალთან, მის ბედთან დაკავშირებით მას მერე, რაც ჩვენ მისი განცხადება მოვისმინეთ შარშან ტრიბუნიდან 26 მაისს, მას შემდეგ არანაირი ამის მოლოდინი, საფუძველი არ უნდა გვქონდეს", - ამბობს გია ვოლსკი.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
ზელენსკი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს მიესალმა.
პრეზიდენტი მიუნხენში ოფიციალურად მიიწვიეს. ზურაბიშვილს ნებართვა არც ამჯერად უთხოვია.
კონფერენციაზე, სადაც საერთაშორისო უსაფრთხოების თემებს განიხილევენ, საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით ხვალ გამოვა.