შეწყვიტეთ თავდასხმები ჟურნალისტებზე - მედიაკოალიციის მიმართვა პაპუაშვილს და "ოცნებას"
"შეწყვიტეთ თავდასხმები ჟურნალისტებზე" - "კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის" პარლამენტის თავმჯდომარეს და მმართველ პარტიას მიმართავს.
მედიაკოალიცია ეხმაურება შალვა პაპუაშვილის მიერ „მთის ამბების” რედაქტორის, გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ მორიგ თავდასხმას. კოალიციის შეფასებით, პაპუაშვილის განცხადება საფრთხეა დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლებისთვის.
გელა მთივლიშვილი და მისი გუნდი ავტორია არაერთი მნიშვნელოვანი ჟურნალისტური გამოძიებისა და მამხილებელი სტატიისა და საგანგაშოა, რომ მისი დისკრედიტაცია უკვე სისტემატურ ხასიათს იძენს. Შესაბამისად, არჩეული თანამდებობის პირების, განსაკუთრებით პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან გელა მთივლიშვილზე თავდასხმა, რომელიც, მრავალი სირთულის მიუხედავად, თანმიმდევრულად და გაბედულად აშუქებს საზოგადოებისთვის მაღალი ინტერესის საკითხებს, ქვეყნის წინაშე არსებული რეალური გამოწვევებისგან ყურადღების გადატანის მცდელობაა და მიზნად ისახავს საზოგადოების ნდობის შერყევას დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის მიმართ.
საზოგადოების ინფორმირებასთან ერთად, ჟურნალისტიკის როლი ხელისუფლების ქმედებების კონტროლია, რაც ამ პროფესიას დემოკრატიის შემანარჩუნებელი ინსტიტუტის ფუნქციას აკისრებს. Მედიაზე მიზანმიმართული და გამუდმებული თავდასხმები და ნდობის შერყევის მცდელობა კი დემოკრატიის დასუსტების მცდელობაა.
კოალიცია მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარეს და მმართველ პარტიას, შეწყვიტონ თავდასხმები ჟურნალისტებზე და საკუთარი პასუხისმგებლობის ფარგლებში უზრუნველყონ მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უსაფრთხოების დაცვა“, - წერია განცხადებაში.
პარლამენტის თავმჯდომარის მორიგი შეტევა გელა მთივლიშვილზე - შალვა პაპუაშვილი განმარტებას ითხოვს, თუ რატომ მოხვდა „მთის ამბების“ ჟურნალისტის, გელა მთივლიშვილის საგამოძიებო სტატია ევროკავშირის პრიზის ფინალისტებში.