მითხრა, აქ ისეთი ამბავია, თუ რამე, მაპატიეო - რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლის ოჯახი დახმარებას ითხოვს

21.02.24 11:30
 მითხრა, აქ ისეთი ამბავია, თუ რამე, მაპატიეო - რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლის ოჯახი დახმარებას ითხოვს

რუსეთის ტყვეობაში მყოფი ქართველი მებრძოლის ოჯახი დახმარებას ითხოვს -  22 წლის მამუკა გაწერელიას დედა "პირველებისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ აფხაზეთიდან დევნილმა ბიჭმა, უკრაინაში წასვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ომის სისასტიკის კადრებს უყურა. 

დალი ჩხეიძის განცხადებით, ფრონტის ხაზიდან მამუკა გაწერელიამ ერთადერთხელ დაურეკა და მოუყვა იმ უმძიმესი სურათის შესახებ, რაც უკრაინის ტერიტორიაზე ხდებოდა. 

"ციხიდან 19 თებერვალს დამირეკა, მითხრა, რომ ხვალ სასამართლო მაქვსო. შეეცადა, გავემხნევებინე, მითხრა არ ინერვიულოთ, კარგად მექცევიანო, იქიდან გვკადრულობდნენ, არა მგონია, კარგად იყოს, ფოტოებიდანაც ჩანს რა დღეშია ბავშვი. გუშინ გავიგეთ, რომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. 
როგორც კი ომი დაიწყო და ტელევიზიით ნახა ეს ყველაფერი, როგორც ჩვენ, მამუკაც ძალიან შეწუხდა, ძალიან მძიმე კადრები იყო, ამდენი ბავშვი იყო დახოცილი, ბუნებრივია, განიცხადა, მითხრა, უნდა წავიდე და უნდა დავეხმაროო. 31 მარტს მარიუპოლში გადაფრინდა. ამ ხნის განმავლობაში ფრონტის ხაზიდან მხოლოდ ერთხელ დამირეკა -  მითხრა, აქ ისეთი ამბავია, თუ რამე, მაპატიეო. შევეცადე, გამემხნევებინა - დედა, შენ ძლიერი ბიჭი ხარ, არ შეშინდეთქო. ნამდვილად არ ეშინოდა, მშიშარა ბავშვი არ არის"- აცხადებს გაწერელიას დედა. 

დალი ჩხეიძის ინფორმაციით, ტყვედ ჩავარდნისას 22 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, ქართველი მებრძოლის დედა შესაბამის უწყებებს დახმარებით მიმართავს და შვილის რუსეთის ტყვეობიდან გამოხსნაში დახმარებისკენ მოუწოდებს: 

ვიცით, რომ ცუდად იყო, ფილტვების ანთება ჰქონდა, გვითხრეს, უმკურნალესო. უკრაინასაც დავუკავშირდით, მაგრამ ჩვენი მოქალაქე რადგან არ არის ვერ დაგეხმარებითო. მივმართეთ, "წითელ ჯვარს" , სახალხო დამცველს, დავრეკეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც, გვითხრეს, საქმე განიხილებაო, შეგატყობინებთ პასუხსო, თუმცა მას 1 თვეზე მეტია ველით"- უთხრა "პირველებს" გაწერელიას დედამ. 

უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლს, აფხაზეთიდან დევნილ 22 წლის მამუკა გაწერელიას პუტინის რეჟიმმა უვადო პატიმრობა მიუსაჯა. 

მსგავსი სიახლეები