"ჩვენება შეიძლება, ჩემს წინააღმდეგ იყოს გამოყენებულიო" - რატომ თქვა უარი ანზორ ჩუბინიძემ სასამართლოში გამოცხადებაზე

21.02.24 13:46
"ჩვენება შეიძლება, ჩემს წინააღმდეგ იყოს გამოყენებულიო" - რატომ თქვა უარი ანზორ ჩუბინიძემ სასამართლოში გამოცხადებაზე

 

ე.წ. პიჯაკების საქმე - სასამართლო პროცესზე ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ანზორ ჩუბინიძესთან დაკავშირებით კითხვები საგანგებო სიტუაციების მაღთვის სამსახურის შეფს დაუსვა.

საქმის მასალების მიხედვით, 2013 წელს ერთ კონკრეტულ დოკუმენტში პირდაპირ არის გაწერილი, რომ ანზორ ჩუბინიძემ დაახლოებით მილიონამდე ლარის ხარჯი გასწია მიხეილ სააკაშვილისთვის.

ამიტომაც, ადვოკატმა თემურ მღებრიშვილს ჰკითხა, ხომ არ სმენია როდესმე ჩივილი ან უკმაყოფილება ჩუბინიძისგან, რომ ის უკანონო ბრძანებას ასრულებდა.

„რომელიმე თანამშრომელს ხომ არ უთქვამს, სააკაშვილის პერიოდში ისეთი განკარგულებები მოდიოდა სამსახურზე, რომლის შესრულება პრობლემური იყოო?“-ჰკითხა ბასილაიამ მღებრიშვილს, რაზეც მღებრიშვილმა პირდაპირ თქვა, რომ მსგავსი არასდროს არაფერი სმენია.

ბექა ბასილაიამ ასევე აღნიშნა, რომ დღევანდელ პროცესზე ანზორ ჩუბინიძე მოწმის სახით უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა უარი განაცხადა.

„ჩვენთან პროცესზე გამოძახებული იყო მოწმის სახით ანზორ ჩუბინიძე, რომლისთვისაც უნდა დაგვესვა კითხვები და მოეცა განმარტებები. ჩუბინიძე რომ ასრულებდა მოვალეობას, კანონიერად მიიჩნეოდა და ჯანაშიას შემთხვევაში რატომ იქნა კრიმინალად მიჩნეული? ეს გვინდოდა გვეკითხა, მაგრამ ჩუბინიძემ განაცხადა, მე რომ ჩვენება მოგცეთ, ეს ჩემი თავის წინააღმდეგ შეიძლება იყოს გამოყენებული, ამიტომ, ჩვენებას არ მოგცემთო“, - განაცხადა ბასილაიამ.

ე.წ პიჯაკების საქმე თავდაყირა დგება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბოსმა, ერთი ჩვენებით თქვა ის, რასაც თემურ ჯანაშიას ადვოკატები წლებია ამტკიცებენ. 

მღებრიშვილი, რომელსაც სახელმწიფო დაცვის სამსახური 2014-2015 წლებში 9 თვის განმავლობაში ებარა, ამბობს რომ ყველა დავალებას, რომელიც პრეზიდენტებისგან და მინისტრებისგან უწყებაში მიდიოდა, უსიტყვოდ ემორჩილებოდა და ეს კანონდარღვევად ვერ ჩაითვლებოდა. ფაქტობრივად ამ ჩვენებით დადასტურდა, რომ ჯანაშიას მიმართ არსებული ბრალი აბსურდია.

პროკურატურა მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროს თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის, 9 მილიონამდე ლარის გაფლანგვას ედავება.

მსგავსი სიახლეები