ამნისტიის კანონპროექტში არაფრის ჩაკორექტირებას არ ვაპირებ - ხვიჩია
"პირველების" კითხვაზე, აპირებს თუ არა ამნისტიის კანონპროექტის ავტორი გარკვეული მუხლების ჩაკორექტირებას, "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი, იაგო ხვიჩია პასუხობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ოპოზიციურ პარტიას ექნება პრინციპული წინააღმდეგობა ამნისტიასთან დაკავშირებით, დათმობებზე წასვლას არ გეგმავს.
ხვიჩიას თქმით, არსებობენ ადამიანები, რომელთაც ნერვები ეშლებათ იმ ფაქტზე, რომ ინიციატივა ოპოზიციამ წამოაყენა.
ზოგადად ჩაკორექტირებას წინ არაფერი უდგას, მაგრამ არსებობს ხალხი, რომელიც უბრალოდ შარზეა და არ უნდა არაფრის ჩაკორექტირება, ნერვებს უშლით ის, რომ კანონპროექტი შეიტანა ოპოზიციამ, რაღაც კონსენსუსი არსებობს. იმ ხალხის გამო, რომელიც შარზეა და აქედან გამომდინარე გელაპარაკება, არაფრის ჩაკორექტირებას არ ვაპირებ", - ამბობს ხვიჩა.
იაგო ხვიჩია მასშტაბური ამნისტიის ინიციატივით გამოდის - თუ პარლამენტი "გირჩის" ამნისტიის კანონპროექტს დაამტკიცებს, ის საქართველოს მესამე პრეზიდენტზეც გავრცელდება.
„გირჩის“ მომზადებულ ამნისტიის პროექტის განხილვას პარლამენტი მალე დაიწყებს, ამნისტია მძიმე ნარკოტიკის რეალიზატორებს არ შეეხებათ, თუმცა სასჯელი შეუმცირდებათ ან სრულად გათავისუფლდებიან ის ადამიანები, ვინც ციხეში მარიხუანას შენახვის ბრალდებით გაუშვეს.
ინიციატივა ეხებათ უვადო პატიმრებს და სამოხელეო დანაშაულისთვის დაკავებულებსაც.
„გირჩის“ ახალ ინიციატივას „ლელოს“ და გახარიას პარტიის გარდა თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია მხარს უჭერს.