მდინარაძე: ხიდაშელის გავლით ამ საკითხებთან დაკავშირებით გეგმები არ გაგვაჩნია

07.03.24 16:01
მდინარაძე: ხიდაშელის გავლით ამ საკითხებთან დაკავშირებით გეგმები არ გაგვაჩნია

"დავით ხიდაშელის გავლით, ჩვენ ამ საკითხებთან, ამ აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, არანაირი გეგმები არ გაგვაჩნია" - ასე ეხმაურება უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე დავით ხიდაშელისა და გიორგი ვოლსკის ფარულ აუდიენციას. 

ვოლსკი დღეს მედიასთან ამბობდა, რომ საუბარი შეეხო 2011 წელს, რუსეთთან და შვეიცარიასთან დადებული შეთანხმებიდან გამომდინარე, თუა შესაძლებელი სატრანზიტო მოძრაობა აღდგეს. თუმცა, დეპუტატი ამტკიცებს, რომ ხიდაშელმა თავადვე თქვა, რომ დღევანდელ ვითარებაში, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, რაიმე მოლაპარაკება საერთაშორისო მონაწილეობით რუსეთთან გამორიცხულია. მდინარაძე ამტკიცებს, რომ არანაირი გეგმები არ გააჩნიათ. 

მე ველაპარაკე ბატონ გიას ამ თემასთან დაკავშირებით, დაწვრილებით ვისაუბრეთ, მეტიც, ამ თემასთან დაკავშირებით და პირდაპირ შემიძლია დაგიდასტუროთ, დავით ხიდაშელის გავლით, ჩვენ ამ საკითხებთან, ამ აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, არანაირი გეგმები არ გაგვაჩნია", - განაცხადა მდინარაძემ. 

რატომ შეხვდა გიორგი ვოლსკი დავით ხიდაშელს? 

დასანქცირებული რუსი ოლიგარქის, ევტუშენკოვის უახლოესი გარემოცვის წევრთან აუდიენციის ამსახველი ფოტო და ვიდეო მოძრაობა "დროას" წევრებმა გადაიღეს და გაავრცელეს.  ირკვევა, რომ შეხვედრა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ კაფეში შედგა.

პარტია "დროას" ოფისში ამ წუთებში იშიფრება მასალა, რომელიც "ქართული ოცნების" დეპუტატის და პრორუსი ბიზნესმენის კონსპირაციული შეხვედრის დეტალებს ახდის ფარდას.

"ფქვილი სად მიდის პოსლე...? - "პირველების" რედაქციამ  გია ვოლსკისა და დავით ხიდაშელის ჩანაწერის მეორე ფრაგმენტიც გაშიფრა

პროგრამულად დამუშავების შემდეგ, "პირველებმა" ჩანაწერის ორი ფრაგმენტი გაშიფრა - ფარულ აუდიენციაზე გაკეთებული ჩანაწერის ერთ ნაწილში გიორგი ვოლსკი უყვება დავით ხიდაშელს, რომ საქართველოს ხელისუფლება რაღაც მოქმედებებს რუსეთის სახელით ატარებს

"დროაში" ირწმუნებიან, რომ ვოლსკი და დავით ხიდაშელი, მათ შორის საოკუპაციო რეჟიმთან ურთიერთობების გაღრმავებასა და მათთან არაფორმალურ შეხვედრებზე მსჯელობდნენ. 

პარტია "დროას" ინფორმაციით, ხიდაშელი პარლამენტის ვიცესპიკერს ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის პოზიციებს აცნობდა.

პარტიაში ამბობენ, რომ ხიდაშელი ვოლსკის აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან კონფედერაციაზე ესაუბრებოდა, ასევე ოკუპირებულ აფხაზეთში ტვირთების შეტანასა და ბიზნეს ურთიერთობებზე და აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე.

ნაწყვეტები რუსი ოლიგარქის დავით ხიდაშელისა და გია ვოლსკის საუბრიდან:

  1. რუსი ოლიგარქი დავით ხიდაშელი პირდაპირ ელაპარაკება აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებს და მათ პოზიციებს აცნობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, გია ვოლსკის. ხიდაშელი ახსენებს მარიონეტული რეჟიმის ე.წ. შს მინისტრს, უშიშროების ყოფილ უფროსს;
  2. ხიდაშელი ვოლსკის ესაუბრება კონფედერაციაზე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან;
  3. ხიდაშელი ვოლსკის ესაუბრება ოკუპირებულ აფხაზეთში ტვირთების შეტანასა და ბიზნეს ურთიერთობებზე;
  4. "რკინიგზის 37 კმ. აფხაზეთში არის დანგრეული" - ხიდაშელი ვოლსკის ესაუბრება აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე;
  5. "7 კომპანიაა და 20% დღგ" - ეუბნება ხიდაშელი ვოლსკის;
  6. “მე რომ ეს თემა დავძრა, უნდა ვიცოდე, რომ იქიდან ერთ კვირაში უნდა გადმოდგან ნაბიჯი", - ეუბნება გია ვოლსკი ხიდაშელს;
  7. “ღარიბაშვილს ვეუბნებოდი აფხაზეთის მთავარ 5 მინისტრთან, ვინც ყველაფერს წყვეტს, გქონდეთ ურთიერთობები, კომუნიკაცია” - ეუბნება ხიდაშელი ვოლსკის;
  8. “თქვენ გაქვთ თემა და გჭირდებათ მიმართულება” - ეუბნება გია ვოლსკი დავით ხიდაშელს", - წერია დროას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები