მთავრობის პასუხი უნდა იყოს საერთაშორისო ჩართულობის გაზრდა, თუმცა ხელისუფლება დავალებებს იღებს რუსეთისგან - სამადაშვილი
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის განზრახვას, რომ ახალი სატრანზიტო გზა შეიქმნას, "ლელოს" დეპუტატი სალომე სამადაშვილი ემხაურება და იზოლაციაში მოხვედრილი რუსეთის მიზნებზე საუბრობს.
როგორც დეპუტატი ამბობს, მაშინ, როდესაც ცივილური სამყაროსგან აგრესორი რუსეთი იზოლაციაშია მოქცეული, ოკუპანტი ქვეყანა შეეცდება ოკუპირებულ რეგიონებში არსებული "შავი ხვრელების" გამოყენებას სანქციებისთვის თავის არიდების მიზნით.
ამ შემთხვევაში კი, სამადაშვილი მთავარობას ურჩევს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით, ქვეყნის უსაფრთხოების ზომები უფრო გააძლიეროს.
რუსეთისთვის ეს მნიშვნელოვანია იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომელიც დღეს მათ აქვთ მათ შორის, სანქციებისთვის თავის არიდების თვალსაზრისით და რა თქმა უნდა, ის შავი ხვრელები, რასაც წარმოადგენს უსაფრთხოების თვალსაზრისით ოკუპირებული რეგიონები, არის განსაკუთრებული გამოწვევა. ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლების პასუხი უნდა იყოს საერთაშორისო ჩართულობის გაზრდა, საერთაშორისო მეგობრების თანამონაწილეობით გაძლიერება უსაფრთხოების ჩვენი ქვეყნის შესაბამისი გამოწვევების წინაშე, თუმცა ვხედავთ, რომ ამის ნაცვლად დღევანდელი ხელისუფლება დავალებებს იღებს რუსეთისგან,“ - ამბობს სალომე სამადაშვილი.