რატომ იმყოფებოდა ადეიშვილი ბუნდესტაგში - გერმანიის საელჩოს განმარტება
საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის და ყოფილი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ყოფნას გამოეხმაურა საქართველოში გერმანიის საელჩო.
მათ რადიო თავისუფლებას უპასუხეს, რომ ადეიშვილი ბუნდესტაგში იმყოფებოდა, როგორც უკრაინის ელჩის დელეგაციის წევრი. საელჩოს განცხადებით, ეს ფაქტი არანაირად არ უკავშირდება გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობებს.
ბატონი ადეიშვილი 22 თებერვალს დებატების დროს იმყოფებოდა გერმანიის ბუნდესტაგის სტუმრებისთვის განკუთვნილ ტრიბუნაზე, როგორც უკრაინის ელჩის დელეგაციის წევრი. გერმანიაში არ არსებობდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე დაფუძნებული მიზეზი იმისათვის, რომ მისთვის აეკრძალათ პარლამენტში შესვლა. ეს ფაქტი არანაირად არ უკავშირდება გერმანიასა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობებისადმი დამოკიდებულებას. ყველასთვის ცნობილია, რომ ურთიერთობები გერმანიასა და საქართველოს შორის ძალიან კარგია", - ვკითხულობთ გერმანიის საელჩოსგან მიღებულ წერილობით განმარტებაში.
ადეიშვილის ბუნდესტაგში ვიზიტი "ქართულმა ოცნებამ" პარტნიორებზე იერიშის მისატანად გამოიყენა - "ბუნდესტაგში ადეიშვილის საპატიო სტატუსით სტუმრობა არ შეშვენის არც ბუნდესტაგს და არც ქართულ-გერმანულ ურთიერთობას" - ამბობს სარჯველაძე.
"ოცნების" იერიშს უპასუხეს ევროკავშირის წარმომადგენლობაშიც -
"შეხვედრის სხვაგვარად წარმოჩენა დეზინფორმაციაა".