დამნაშავეებთან პოლიტიკური ურთიერთობის ნორმალურ ჭრილში წარმოჩენა ეწინააღმდეგება ქართველების და EU-ს საერთო ღირებულებებს - პაპუაშვილი
"სისხლის სამართლის დამნაშავეებთან პოლიტიკური ურთიერთობის ნორმალურ ჭრილში წარმოჩენა ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის და ევროკავშირის საერთო ღირებულებებს," - ამ განცხადებით აგრძელებს "ოცნების" იერიშს პარტნიორებზე პარლამენტის თავმჯდომარე.
შალვა პაპუაშვილო სოციალურ ქსელში ზურაბ ადეიშვილის გერმანიისა და ევროკავშირის საკანონმდებლო და აღმასრულებელ სტრუქტურებში გამართულ შეხვედრებში მონაწილეობას ეხმაურება.
პაპუაშვილი აკრიტიკებს ასევე უკრაინის ხელისუფლებას და წერს, რომ "უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლა აგრესიის წინააღმდეგ არ ათავისუფლებს მის ხელისუფლებას სისხლის სამართლის დამნაშავეების მფარველობის პასუხისმგებლობისაგან”.
ზურაბ ადეიშვილი დამნაშავედ არის ცნობილი საქმეებზე, რომლებიც, ადამიანის წამებიდან დაწყებული და ბიზნესის რეკეტით დამთავრებული, დანაშაულების ფართო სპექტრს მოიცავს და შემდეგი სასჯელი აქვს მისჯილი: - კობა დავითაშვილის გატაცების და ცემის საქმე - 6 წელი - ციხეებში წამების საქმე - 4 წელი და 6 თვე - ღვინის კომპანია აკურას საქმე - 1 წელი და 6 თვე - ტვ იბერიას საქმე - 1 წელი და 6 თვე - ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმე - 5 წელი და 3 თვე თავად ზურაბ ადეიშვილის მიერ შემოღებული სასჯელთა შეკრებითობის პრინციპი “ქართული ოცნების“ ხელისუფლებას რომ არ გაეუქმებინა, მას ციხეში ჯამურად 18 წლის მოხდა მოუწევდა. სისხლის სამართლის დამნაშავეებთან პოლიტიკური ურთიერთობის ნორმალურ ჭრილში წარმოჩენა ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის და ევროკავშირის საერთო ღირებულებებს. აქვე, კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლა აგრესიის წინააღმდეგ არ ათავისუფლებს მის ხელისუფლებას სისხლის სამართლის დამნაშავეების მფარველობის პასუხისმგებლობისაგან”, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.
ადეიშვილის ბუნდესტაგში ვიზიტი "ქართულმა ოცნებამ" პარტნიორებზე იერიშის მისატანად გამოიყენა - "ბუნდესტაგში ადეიშვილის საპატიო სტატუსით სტუმრობა არ შეშვენის არც ბუნდესტაგს და არც ქართულ-გერმანულ ურთიერთობას" - ამბობს სარჯველაძე.
"ოცნების" იერიშს უპასუხეს ევროკავშირის წარმომადგენლობაშიც -
"შეხვედრის სხვაგვარად წარმოჩენა დეზინფორმაციაა".