არ ვაპირებთ დიპლომატიური სკანდალების აწევას, რომ საგარეომ რაღაც საქმეები ურჩიოს დიპლომატებს - მდინარაძე
"საქართველოში ვინმე ან რამე თუ გააღვივებს ანტიდასავლურ, ანტიევროპულ განწყობას, ამისი პირველი წყაროა ის, რომ ადეიშვილი ბუნდესტაგში ზის", – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მდინარაძის თქმით, "დიპლომატიური სკანდალის აწევას" არ აპირებენ, თუმცა ყველას მოუწოდებს, რომ გაითვალისწინონ საპარლამენტო უმრავლესობის მოსაზრება.
ადეიშვილის იქ გამოჩენა, სადაც ჩანს ხოლმე, „ფეიკი“ არ არის, ნამდვილად ჩანს. ეჭვი ხომ არ გეპარებათ ვინმეს, რომ ეს ადამიანი იყო ბუნდესტაგში, უმაღლესი დონის შეხვედრებზე. ადეიშვილი უმაღლესი რანგის შეხვედრებზე ხომ არ გვეჩვენება? რაღაც საკითხებთან დაკავშირებით ევროპელი მეგობრები რომ ამბობენ, „ფეიკიაო“ , ფოტოშოფი ხომ არ იყო.
წინანდელ ხელისუფლებას უნდა ჰქონოდა იმისი თავი, მონური მორჩილებით რომ რაღაცებს ასრულებდნენ, შეკამათებოდნენ, ეთქვათ, რომ „ფეიკი“ კი არ არის, ფოტოშოპით კი არ არის ჩასმული, ნამდვილად ზის სისხლის სამართლის დამნაშავე, უბინძურესი ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსი და უბინძურესი სისტემის შემქმნელი ადეიშვილი, სააკაშვილთან ერთად. მართლაც ზის იქ, არავის დაუფოტოშოფებია. საქართველოში ვინმე ან რამე თუ გააღვივებს ანტიდასავლურ, ანტიევროპულ განწყობას, ამისი პირველი წყაროა ის, რომ ადეიშვილი იქ ზის. არ ვაპირებთ ამ საკითხზე ფორმალური და დიპლომატიური სკანდალების აწევას, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბაროს და რაღაც საქმეები ურჩიოს დიპლომატებს. საჯარო განცხადება მიიღონ ცნობად, ინფორმაციად, თუნდაც ხისტ ინფორმაციას ჩვენგან.
მთელი პასუხისმგებლობით, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის სახელით და შესაბამისი ლეგიტიმაციით ვაცხადებთ, რომ არ ვარგა, ძალიან ცუდია, უკიდურესად დამაზიანებელია საქართველოში ევროპული, დასავლური განწყობისთვის უსასტიკესი რეჟიმის თავში მყოფი ერთ-ერთი მთავარი ადამიანის იქ ჯდომა. მისი იქ ჯდომა აზიანებს დასავლურ განწყობებს საქართველოში. ყველას ვთხოვ, ეს გაითვალისწინონ“, - განაცხადა მდინარაძემ.
ადეიშვილის ბუნდესტაგში ვიზიტი "ქართულმა ოცნებამ" პარტნიორებზე იერიშის მისატანად გამოიყენა - "ბუნდესტაგში ადეიშვილის საპატიო სტატუსით სტუმრობა არ შეშვენის არც ბუნდესტაგს და არც ქართულ-გერმანულ ურთიერთობას" - ამბობს სარჯველაძე.
"ოცნების" იერიშს უპასუხეს ევროკავშირის წარმომადგენლობაშიც -
"შეხვედრის სხვაგვარად წარმოჩენა დეზინფორმაციაა".