ჯართში არ ჩააბარებენ, კობახიძის გადაწყვეტილებაა, ვეთანხმები - მდინარაძე
"ეს არის ირაკლი კობახიძის დამოკიდებულება, მისი გადაწყვეტილება, რომელსაც აბსოლუტურად ვეთანხმები. თავიდან ბოლომდე ვეთანხმები," - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" წევრი მამუკა მდინარაძე მთავრობის ადმინისტრაციასთან ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დამონტაჟებული რკინის ჯებირის მოხსნას.
მდინარაძე ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება, რომ კობახიძესა და ღარიბაშვილს შორის არანაირი დაპირისპირება არ არსებობს და ახალი პრემიერი წინამორბედის გადაწყვეტილებებს ამის გამო არ ცვლის.
არ ინერვიულოთ. ნახეთ, ნაცების ტელევიზიები ნერვიულობენ ღობეში დახარჯულ ფულზე. გამოიყენება ეს ღობე, არ გადააგდებენ, ჯართში არ ჩააბარებენ, არ ინერვიულოთ.
...ნუ ნერვიულობთ, ჯართში არ ჩააბარებენ და დანიშნულებისამებრ, სადმე, სადაც საჭიროა ის და ამის აუცილებლობაა, იქ იქნება. მეორე, ძალიან მოკლედ გეტყვით, ეს არის ირაკლი კობახიძის დამოკიდებულება, მისი გადაწყვეტილება, რომელსაც აბსოლუტურად ვეთანხმები. თავიდან ბოლომდე ვეთანხმები. და თქვენ, ძალიან გთხოვთ, ნუ მონათლავთ დაპირისპირებად თითოეულ გადადგმულ ნაბიჯს, იმ შემთხვევაში, ეს თითოეული გადადგმული ნაბიჯი თუ არ დაემთხვევა წინა პრემიერის ნაბიჯს. იმიტომ რომ, არ შეიძლება ორი ადამიანის აზრი ასეთ დეტალებში ემთხვეოდეს ერთმანეთს. და არ შეიძლება ამაზე ისეთი მდაბიო სპეკულაცია, რომ როგორც კი მარჯვნივ ჰქონდა გახედილი ბრიფინგის დროს ღარიბაშვილს და მარცხნივ გამოიხედავს კობახიძე, ეს დაპირისპირებად მონათლოს. იმ ადამიანმა მიიჩნია, რომ ეს იყო საჭირო, და მეორე ადამიანმა მიიჩნია, რომ ეს საჭირო არაა. აი ასეთ დეტალებზე სპეკულაციის აგება არის ძალიან მდაბიო პიარ-კამპანია, - თქვა მდინარაძემ.
ღარიბაშვილის აღმართული ჯებირები კობახიძემ მოხსნა. მთავრობის ადმინისტრაციასთან რკინის ჯებირების დემონტაჟი დღეს დაიწყო. გარდა რკინის კონსტრუქციებისა, მთავრობის ადმინისტრაციის ეზოდან აიღებენ ასევე ტურნიკეტებსაც, რადგან იგეგმებოდა, რომ საშვის გარეშე ეზოში შესვლის საშუალება მოქალაქეებს არ ჰქონოდათ.