საქართველოს ხელისუფლება მკაფიოდ ავტორიტარულია - მარიკაშვილი
"საქართველოს ხელისუფლება მკაფიოდ ავტორიტარულია", - ასე ეხმაურებიან მესამე სექტორში გაეროს საგანგაშო დოკუმენტს, რომელშიც საერთაშორისო ორგანიზაცია "ქართულ ოცნებას" მწვავედ აკრიტიკებს.
"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი მთავრობას მტრული გადაწყვეტილებების მიზანმიმართულად მიღებაში და კრიტიკული აზრის ჩახშობაში ადანაშაულებს.
ორგანიზაციის წარმომადგენელი "პირველებთან" აცხადებს, რომ სტრატეგიული პარტნიორის მიერ მომზადებულ დოკუმენტში სწორი აქცენტებია დასმული, თუმცა მარიკაშვილი ირწმუნება, რომ ხელისუფლება რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებს, რადგან ერთადერთი მიზანი, რაც "ოცნებას" გააჩნია, ძალაუფლების შენარჩუნებაა.
ეს ზოგადი რეკომენდაცია ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ხელისუფლებამ აღიაროს უფლება დამცველების და სამოქალაქო ორგანიზაციების როლი. რთულია საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლება არ რეკომენდაციას გაითვალისწინებს და ის შეცვლის თავის ბუნებას, რადგან საქართველოს ხელისუფლება არის მკაფიოდ ავტორიტეტული, რომლის მიზანიც არის ერთადერთი, ნებისმიერი გზით შეინარჩუნოს ძალაუფლება და ის ამ პროცესში არ დაინდობს უფლებადამცველებს", - ამბობს ედუარდ მარიკაშვილი.
ე.წ. ტრენინგების საქმე, რომელიც უსაფრთხოების სამსახურმა "სახელმწიფო გადატრიალებად" გაასაღა, გაეროს უმწვავეს ანგარიშში მოხვდა - გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია სუს-ს ამ საქმის სასამართლოში განხილვის დაწყებას, მტკიცებულებების გასაჯაროებას ან/და საქმის დახურვას სთხოვს.
გაეროს სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც საქართველოში 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში იმყოფებოდა, ვარაუდობს, რომ საქმე სუს-მა ე.წ. რუსულ კანონზე შურისძიებისთვის გამოიგონა და ფორმალური ძიებაც კონკრეტული ჯგუფების დისკრედიტაციისთვის დაიწყო.
საგანგაშო დოკუმენტში საუბარია საქართველოში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის მწვავე ფაქტებზე და ირკვევა, რომ პირები, რომლებმაც სხვისი უფლებები უნდა დაიცვან, ქვეყანაში თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ.