კობახიძე 16 მარტს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა
ირაკლი კობახიძე 16 მარტს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, აქედან გამომდინარე შემთხვევითი არ არის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ ვიზიტები შედგება მეზობელ ქვეყნებში.
შაბათს ვიზიტი იქნება აზერბაიჯანში, ამას მოჰყვება ერთ კვირაში ვიზიტი სომხეთში. საუბარი გვექნება ყველა საკითხზე, რომელიც უკავშირდება ორმხრივ თანამშრომლობას. მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფა და აქ, ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ასრულებდა დადებით როლს, შესაბამისად ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ორმხრივი ურთიერთობები გაღრმავდეს და ხელი შევუწყოთ მშვიდობასა და სტაბილურობას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანი სომხეთისგან საქართველოს საზღვართან მდებარე სოფლების გადაცემას ითხოვს .
საუბარია ტერიტორიაზე, რომელიც საქართველოს საზღვართან ახლოს არის და რომელზეც თბილის-ერევნის დამაკავშირებელი გზა გადის. ამავე გზაზე გადის რუსეთიდან მომავალი მაგისტრალურ გაზსადენი, რომელიც ბუნებრივი აირით სომხეთს ამარაგებს.
ახლა მთავარი კითხვაა, თუ სომხეთი დათანხმდება და ოთხი სოფელი აზერბაიჯანის კონტროლქვეშ მოექცევა, რა მოხდება ამ შემთხვევაში, რა საფრთხეები არსებობს საქართველოსთვის და მზად არის თუ არა ამ სცენარისთვის ხელისუფლება? უცნობია, იქნება თუ არა ეს საკიტხი პრემიერის ვიზიტის დროს ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი.